საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობას რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებენ და შეკითხვებზე პასუხს ითხოვენ. ამ თემაზე დღეს ბრიფინგი ხატია დეკანოიძემ, თეონა აქუბარდიამ და ანა ნაცვლიშვილმა გამართეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარაა, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ფარული კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთისკენ ახალი მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა ვერ მოხდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე.
ღიად მოვითხოვთ პასუხებს, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები, იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ, ხორციელდებოდა და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში“, - განაცხადა დეკანოიძემ.
„როგორ იყო ის, რომ პრემიერი ეახლა „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელს ბატონ გაიაშვილს იქამდე, ვიდრე ფრენების აღდგენა მოხდებოდა? როგორ ხდება, რომ სანქცირებული ოჯახის, ბატონი ლავროვის შვილი საქართველოში უპრობლემოდ შემოდის? როგორ აპირებს ეს ხელისუფლება, რომ საქართველომ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, რომელსაც რუსეთი პირდაპირ უპირისპირდება და იმავდროულად ჩვენ გავაღწიოთ ევროპულ ოჯახში მშვიდობიანად? ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ რისი სურათიც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, სადეპუტატო შეკითხვებს პასუხი გასცეს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს.
„ქართული ოცნების“ წარმოამდგენლებმა ოპოზიციის ბრალდებებს სიცრუე და ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ პროპაგანდა უწოდეს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო.
„ოპოზიცია ამბობს, რომ შეუძლებელია, ფრენების აღდგენა საქართველოს მაღალჩინოსნების ჩართულობის გარეშე გადაწყვეტილიყო და ლავროვის ოჯახის წევრებს პირდაპირ ხელისუფლებისგან ჰქონდათ გარანტია ჩამოსვლაზე, რადგან პოლიცია იცავდა ოჯახის წევრებს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია“, - თქვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება რუსეთთან საზღვაო მიმოსვლის საკითხს, მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: „საუბარია, რომ იყო კომერციული რეისი გემით, რომელიც სრულად ეკუთვნოდა სომხეთს. სომხეთი არის ხმელეთით ჩაკეტილი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე და თავი რომ დავანებოთ ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს ზოგადად სომხეთთან დაკავშირებით, ჩვენი საერთაშორისო კონვენციით ვალდებულებაა, სომხეთს ჰქონდეს წვდომა შავ ზღვაზე. ეს იყო გადაზიდვა, სრულად ტრანზიტული და სომხეთის იყო. გემი არ იყო არც სანქციების, არც რუსული დროშის ქვეშ და არც ტვირთი იყო სანქცირებული“.
საქართველოსთან თითქმის ოთხი წლის წინ შეწყვეტილი ავიამიმოსვლის განახლების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განკარგულება 2023 წლის 10 მაისს გამოსცა. გარდა ამისა, პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა და უკვე ორ რუსულ ავიაკომპანიას მისცა უფლება, თბილისი-მოსკოვი-თბილისის, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე იფრინონ. მოსკოვის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც“.