საქართველოს პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირება ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლის საბოტაჟად შეაფასა. საგანგებო ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფას“ პასუხი არჩევნებზე უნდა გაეცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„მივმართავ საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს მივმართავ „ოცნებას“ და „ოცნების“ წარმომადგენლებს: გილოცავთ, ბატონებო, რამეთუ ქალები თქვენთან ან აღარ ითვლებიან ან თუ ითვლებიან, ისე მოიხსენიებთ, რომ ჯობია, არ მოიხსენიოთ. დაკარგეთ ელემენტარული ქართული ზრდილობა, რაც ძალიან სამწუხარო არის თქვენთვის. მაგრამ ყველაზე მოსალოცი ის არის, რომ თქვენ შეძელით და დაამთხვიეთ თქვენი რუსული კანონის - ბოდიშს ვიხდი პაპუაშვილთან რომ ამ ტერმინს ვხმარობ, მაგრამ ვიხმარ, რუსული კანონის ინიცირება 31 მარტიდან 9 აპრილამდე კვირას, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიისთვის დატვირთულია ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული. დღეს ეს ორი ცნება, ეროვნული და ევროპული, ერთად არის. ამისი გამიჯვნა შეუძლებელია და ეს ძალიან კარგად ესმის ქართულ საზოგადოებას. თქვენ არ გინდათ, რომ დანახოთ, არ გინდათ, მოისმინოთ, რომ ერთიანი არის საქართველოს საზოგადოება ამ ერთი მიმართულების ქვეშ - დამოუკიდებლობა გავამყაროთ, რუსეთი არასოდეს არ დაბრუნდება აქ და ჩვენი ევროპული გზა გავამყაროთ.
„ოცნებამ“ უკვე თავისი სახე, ასე ვთქვათ, გამოაჩინა. ერთი პერიოდი იყო 15 დეკემბრიდან, რაღაცა ერთი თვე, შეიძლება, როცა გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ეს ევროპული გადაწყვეტილება, ჩვენი დამსახურებაა, ყველაფერი ამისთვის გავაკეთეთ. ეს რაღაც ახალი რიტორიკა ცოტა ხნით გაგრძელდა, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი ნათელია.
„ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“ ყველა მიმართულებით. რაც წინა რეკომენდაციებში ეწერა, რაც დღევანდელ 9 რეკომენდაციაში წერია, ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას, ყველა მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი. ევროპიდან მივიღეთ ერთგვარი ავანსი და დღეს „ოცნება“ არის დაკავებული ამ ჩვენი გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით. საბოტაჟი არის ერთადერთი სიტყვა, რაც მომაფიქრდა.
არა იუსტიციის რეფორმას. არა, როგორ შეიძლება. მურუსიძეს და ჩინჩალაძეს არ გავწირავთო, საქართველოს ევროპული მომავლის ნაცვლადაც კი. არა სანქციებთან შეერთებას, ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებას, რაზეც გვეუბნებიან, რომ აუცილებელია, თუ გინდათ, რომ ჩვენთან შემოხვიდეთ იმ თანამეგობრობაშიო. ულტიმატუმი ამერიკას, სასაცილოც არის, ძალიან მაგრები ვართო. არ უნდა ვაწყენინოთ რუსეთს - ეს არის ამ ყველაფრის სარჩული. არა სამართლიან არჩევნებს. ჩვენი და მხოლოდ ჩვენი წესები, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკო, ჩვენი და მხოლოდ ჩვენი ცესკოს თავმდჯომარეო. არა დიასპორის მონაწილეობას [არჩევნებში], ვინიცობაა, ჩვენი არ იყოსო და როგორ შეიძლება - შეურაცხყოფა თან ახლავს - ყოველ პადიეზდში ხომ არ გავხსნით საარჩევნო უბანსო. არა ქალების უფლებებს და იმ ერთადერთ პრაქტიკულად შესრულებულ რეკომენდაციას რაც გვქონდა გენდერულ თანასწორობაზე, უკან უკან წავიდეთო და ქალები ბუტკაშიო. არა ანტიკორუფციულ ზომებს. პირიქით, თურმე, არ უნდა ვიცოდეთ, როგორ მდიდრდებიან ჩვენი მოსამართლეეები, სასამართლოების თავმდჯომარეები თუ ყოფილი პრემიერები. მთავარია, მდიდარი დედ-მამა ჰყავდეთ, ან შვილები, ან ძმები და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდეს.
არა და არა, ცხადია, დეპოლარიზაციას, რამეთუ, პირიქით, გამწვავებისკენ იწვევენ მთელ საზოგადოებას და ამას ემსახურება ყველა ეს ინიცირებული კანონი - ეს იქნება პროვოკაციული ლგბტ-ზე თუ რუსული კანონის მეორედ შემოტანა.
ეს ყველაფერი არის საკუთარი ხალხის და ამავე დროს ჩვენი პარტნიორების გამოწვევა, რომლებმაც ავანსად მოგვეს ეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენგან ელოდებიან გულწრფელ გამოხატულებას იმისას, რომ ჩვენ მივდივართ ამ გზაზე და არსებობს პოლიტიკური ნება ამ გზაზე სიარულისა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ყველა მონათლოს რადიკალად, უცხოეთის აგენტად, ომის პარტიის მომხრედ და ასე შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს ძალიან ცნობილი ხერხებია“.
„პასუხი ამ ყველაფერზე, ამ უზრდელობაზე, ამ უხეშობაზე და ამ ძალიან დიდ შეურაცხყოფაზე საქართველოს მიმართ, რასაც ჰქვია რუსული კანონი, არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმა.
არჩევნები მოდის ცოტა ხანში. ხელისუფლებამ იცის, ჩვენზე ბევრად კარგად, თუ რა არის რეალური ციფრები; ძალიან კარგად იციან, რომ არც კონსტიტუციური უმრავლესობა, არც მიშას დაბრუნება... ეს ყველაფერი უკვე მითებია რითაც უნდათ, რომ შეაშინონ საზოგადოება. რეალობა არის ის, რომ არსებობს ქვეყანაში დიდი უმრავლესობა, რომელმაც იცის, რა უნდა და უნდა ამ ქვეყნისთვის დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი.
ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, უდიდესი მობილიზაცია არის ამისთვის საჭირო. არც უიმედობა, არც დეპრესია, არც პესიმიზმი, არც დიდად არეულობა.
აქ საჭიროა მომზადება იმისთვის, რომ ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ - რამდენიმე პარტიით, ალბათ, მაგრამ ერთი დროშის ქვეშ და ეს არის ევროპული დროშა, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით. ეს არ ნიშნავს, მაინცდამაინც პარტიების გაერთიანებას, მაგრამ ნიშნავს მათ გამსხვილებას და რაც მთავარია, ნიშნავს საზოგადოების გაერთიანებას, ეროვნულ თანხმობას ევროპაზე.
ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე და თქვენთან ერთად ვიქნები, რომ გავიმარჯვოთ, ევროპამ და ევროპულმა საქართველომ გაიმარჯვოს ამ არჩევნებზე. ამას ვერაფერს უზამს ეს გეგმები და ხრიკები, რომლებსაც დღეს „ოცნება“ ატრიალებს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მმართველი პარტია აპირებს, პარლამენტის მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ. „არავითარ შემთხვევაში. ეს ძალიან პრინციპული საკითხია“, - თქვა მდინარაძემ. დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო.