საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რიკოთის მაგისტრალის მიმდებარედ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე, მეწყრული ფერდის გასამაგრებლად 63 908 792 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
საინჟინრო საპროექტო ანგარიშის მიხედვით, მეწყრული ფერდი მეტალის ანკერებით და დაჭიმვის მაღალი სიმტკიცის მქონე მავთულბადით უნდა გამაგრდეს. მიწისქვეშა წყლების მოსაცილებლად უნდა მოეწყოს დრენაჟები. პროექტი ითვალისწინებს ეროზიის პრევენციასაც სინთეზური დაცვის სისტემით, რომელიც უნდა შეივსოს მარცვლოვანი მასალით და ზემოდან მცენარეული გრუნტით. უნდა მოეწყოს ღია სადრენაჟო თხრილები, რომლებიც ბეტონით დაიფარება. სამუშაოების დასრულების მაქსიმალური ვადა 6 თვეა.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე აქტიური მეწყრული პროცესების გამო რიკოთზე მოძრაობა 2023 წლის 30 მარტს აიკრძალა. მსუბუქი ავტოტრანსპორტი გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით გადაადგილდებოდა. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი ამბობდა, რომ მეწყერი თოვლის დნობის შედეგად განვითარდა. მისივე მტკიცებით, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშებელობის დაწყებას წინ უძღოდა დიდი მოცულობის კვლევები, თავად სამშენებლო პროექტი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკულ-თურქული კონსორციუმის მიერ არის მომზადებული.
დამოუკიდებელი ავტორიტეტული ექსპერტების შეფასებით, რიკოთის მონაკვეთი რთული ტექტონიკის მქონე ტერიტორიაა და გზის მშენებლობისთვის ჩატარებული კვლევები სრულყოფილი არ იყო.
„იტალიური კომპანია, რომელიც გეოლოგიური კუთხით მომზადებული დოკუმენტის ავტორია, წერს, რომ ახალმა კონსტრუქციებმა შეიძლება მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის არასწორი სამშენებლო გადაწყვეტილება - არ შეიძლება ასეთი გეოლოგიის პირობებში ასეთი დაფერდებების გაკეთება, ასე ჩამოჭრა.
იმდენად არასწორად ჩავერიეთ გარემოში ამ მშენებლობით, რომ აღვძარით მეწყერები“, - განაცხადა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.
8 აპრილს რიკოთზე მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა, გადაადგილება მხოლოდ კარგ ამინდში და დღისით იყო დაშვებული. შეზღუდვები რამდენიმე თვე შენარჩუნდა.
28 ოქტომბერს რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. მაგისტრალური გზის ახალი, ოთხზოლიანი მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან იწყება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან მთავრდება. ხევი-შორაპნის მონაკვეთი 65 ხიდსა და 38 გვირაბს მოიცავს. გზების დეპარტამენტის განცხადებით, ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კილომეტრით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს.
„მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ რიკოთი უსაფრთხოა. ყველაფერი ის, რაც მანამდე ჟღერდებოდა ტყუილია ან მანიპულაცია“, - თქვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ 2 ნოემბერს პარლამენტში გამოსვლისას.
რიკოთის გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.