ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა. დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით, აშშ კვლავ შეშფოთებულია, რომ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას მოახდენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტიკა, მედია ორგანიზაციები არის ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და რა თქმა უნდა, ის უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე“, - განაცხადა პატელმა 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
17 აპრილს, მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდამჭერი 83 დეპუტატიდან 73 „ქართული ოცნების“ წევრია, დანარჩენები კი მმართველი პარტიის სატელიტებს - „ხალხის ძალასა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ წარმოადგენენ.კენჭისყრაში ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
„ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს 83 დეპუტატი, რომლებმაც ხმა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცეს. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აპირებს რუსულ კანონს, თუ მას საბოლოოდ მიიღებენ, ვეტო დაადოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა,ოლივერ ვარჰეიმ განაცხადეს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. მათ საქართველოს მოუწოდეს, თავი შეიკავოს იმ კანონმდებლობის მიღებისგან, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „სინამდვილეში კანონი არის სწორედ რომ ევროპული“ და „ის არათუ ვერ დააშორებს საქართველოს ევროპას, არამედ თვისებრივად დაგვაახლოებს“ ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევის მიზანთან.