შოვის ტრაგედიაზე საქართველოს მთავრობა პასუხისმგებლობის არიდებას ზუსტად იმავე მიზეზით ცდილობს, რითაც რუსეთის ხელისუფლება 2008 წელს თავს იმართლებდა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბადაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომელიც მეწყრის განსაკუთრებულ ძალასა და მისი პროგნოზირების ან შეჩერების შეუძლებლობაზე აპელირებდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სტიქია, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, განჭვრეტადი იყო, შესაბამისი გაფრთხილების სისტემის არქონითა და არაადეკვატური მართვით კი, მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება და ვერ უზრუნველყო სიცოცხლის უფლების ეფექტური დაცვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
რუსეთის ქალაქ ტირნიაუზში მეწყერი 2000 წლის ზაფხულში ჩამოწვა. სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ექვსმა მოქალაქემ იჩივლა. სტიქიას ზოგიერთი მომჩივნის ოჯახის წევრი შეეწირა, ზოგს კი სახლი გაუნადგურდა. რუსეთის პროკურატურამ მეწყრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებაზე უარი თქვა, ადამიანების გარდაცვალება კი შემთხვევითობად მიიჩნია.
დაზარალებულები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაზე დავობდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების დროს რისკის ქვეშ დააყენა მათი სიცოცხლის უფლება და მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად პრევენციული ზომები არ მიიღო. მოსარჩელეები რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ არ შეაკეთეს მწყობრიდან გამოსული მიწის შემაკავებელი აღჭურვილობა, არ გასცეს სტიქიის საფრთხეზე წინასწარი გაფრთხილება და მომხდარი არ გამოიძიეს.
რუსეთის მთავრობის განცხადებით, ხელისუფლებამ რისკების შესამცირებლად ყველა გონივრული ზომა მიიღო, თუმცა მეწყრის განსაკუთრებული ძალის გამო, მისი პროგნოზირება ან შეჩერება შეუძლებელი იყო.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ მეწყრის განჭვრეტად რისკთან მიმართებით მიწის გამოყენება სათანადოდ არ დაგეგმა და არც საგანგებო სამაშველო პოლიტიკა განახორციელა, რასაც სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. სასამართლომ დაადგინა, რომ:
- 1999 წელს რუსეთის ხელისუფლებამ არაერთი გაფრთხილება მიიღო ფართომასშტაბიანი მეწყრის მზარდი რისკების შესახებ;
- მიუხედავად იმისა, რომ მეწყრის შემაკავებელი ინფრასტრუქტურის შეკეთების აუცილებლობა აშკარა იყო, ამისათვის ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები არ გამოყოფილა; მიწის შემაჩერებელი მოწყობილობა სათანადოდ მოვლილი არ იყო.
- ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ზომები არ მიუღია, არ გაცემულა გაფრთხილება და ევაკუაციის ბრძანება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სიცოცხლის ხელყოფის რისკის პირობებში რუსეთის ხელისუფლებამ სტიქიის შესაჩერებლად შესაბამისი ზომები არ მიიღო, რამაც მსხვერპლი გამოიწვია. ხელისუფლების ორგანოებმა ვერ შეასრულეს ვალდებულება, შექმნილიყო ისეთი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც სიცოცხლის უფლების ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობისა და სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ადეკვატური გამოძიების არარსებობის გამო. რუსეთის ხელისუფლებას მომჩივნებისთვის 85 ათასი ევროს გადახდა დაევალა.
კიდევ ერთ საქმეზე „კოლიადენკო და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ სტასბურგის სასამართლომ 2012 წლის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფთა სიცოცხლე - „ეს მუხლი მოიცავს არა მხოლოდ ისეთ სიტუაციებს, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულმა ქმედებამ ან უმოქმედობამ სიკვდილი გამოიწვია, არამედ ისეთ სიტუაციებს, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი გადარჩა, მის სიცოცხლეს საფრთხე აშკარად დაემუქრა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2004 წელს მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“. მაშალაჰ ონერილდიზი თორმეტ ახლო ნათესავთან ერთად სტამბოლში, ღარიბთა კვარტალში, მუნიციპალურ ნაგავსაყრელთან ცხოვრობდა, სადაც 1993 წლის 28 აპრილს მეთანი აფეთქდა და მეწყერი გამოიწვია. დაინგრა 10 საცხოვრებელი სახლი და 39 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ორი მოქალაქე სტრასბურგის სასამართლოში კონვენციის მე-2, მე-8 და მე-13 მუხლების დარღვევაზე დავობდა. დაზარალებულები ახლო ნათესავების სიკვდილსა და ქონების განადგურებაზე პასუხისმგებლობას თურქეთის ხელისუფლებას აკისრებდნენ.
სასამართლოს შეფასებით, ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა არა მხოლოდ უარი თქვეს წინასწარ განჭვრეტადი რისკების თავიდან ასაცილებლად რაიმე რეალური ძალისხმევის განხორციელებაზე, მოსახლეებისთვის ხელიც არ შეუშლიათ, ეცხოვრათ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე და მათთვის არც რისკების შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია.
თურქეთის მთავრობა აცხადებდა, რომ არ იყო ვალდებული, ნაგავსაყრელთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიეღო, რადგან არ არსებობდა ცნობები მყისიერი საფრთხის არსებობის შესახებ. სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლების დაცვა გულისხმობს სახელმწიფოს მოვალეობას, შექმნას საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბაზა, რომელიც საფრთხეების ეფექტურ შეკავებას უზრუნველყოფს.
პრევენციულ ზომებს შორის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოების ინფორმირებას.
სტრასბურგის შეფასებით, ქვეყნის შიდა სასამართლო სისტემა უნდა ითვალისწინებდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ოფიციალური გამოძიების პროცედურას, რომელიც აკმაყოფილებს ეფექტურობის გარკვეულ სტანდარტებს და შეუძლია უზრუნველყოს სისხლისსამართლებრივი სასჯელის გამოყენება, როდესაც არის მსხვერპლი.
სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას განმცხადებლის ცხრა ახლო ნათესავის შემთხვევითი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების არმიღების გამო.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 29 ადამიანის ცხედარი, 4 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან. მიუხედავად იმისა, რომ ბუბას მთიდან კურორტის ტერიტორიაზე ღვარცოფი 2017 და 2020 წლებშიც მოვარდა და ინფრასტრუქტურაც დააზიანა, მთავრობამ ხეობა კონტროლზე მაინც არ აიყვანა და არც წინასწარი გაფრთხილების სისტემები დაამონტაჟა.