„ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატების კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დიდი ნაწილისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„რატომ უნდა იყოს საგანგაშო, მათ შორის, რომ არასამთავრობო სექტორიც იყოს გამჭვირვალე თავის დაფინანსების წყაროში და თავის ანგარიშვალდებულებაში. ნახეთ რატომ არის აღშფოთება - იმიტომ, ვიღაცას ჰგონია, რომ თუ მისი დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშვალდებული იქნება, მას საფრთხე დაემუქრება. და რატომ უნდა დაემუქროს საფრთხე ანგარიშვალდებულებას ხალხის და კანონის წინაშე, შეგიძლიათ ამიხსნათ? ჯერ კანონი წაიკითხონ. შეადარონ ამერიკულ კანონს, ეს მეორე და მესამე, აქ ხომ ამ შინაარსზე არ მიდის ლაპარაკი. რასაც მე გადავხედე თვალით, სიტყვა „აგენტი“ ყურს ჭრის“, - განაცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.
ქადაგიშვილმა გაიმეორა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კანონპროექტში „არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე“ და მასში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა (სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და სხვები) დაანიცირეს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტია ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია) და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული, გარდა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც დაფუძნებულია ადმინისტრაციული ორგანოს (სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება) ან ეროვნული სპორტული ფედერაციების მიერ.
ასეთ იურიდიულ პირებს დაეკისრებათ ფინანსური ანგარიშგების ვალდებულება, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის წარდგენას წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ. უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯარო იქნება.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური გავლენის აგენტის“ გამოსავლენად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც, მას მიენიჭება ყველა საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლებამოსილება. მონიტორინგის დაწყების საფუძველია: იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას. კანონპროექტით სამინისტროს ასევე ენიჭება 10, 20 და 25 ათასი ლარით დაჯარიმების და ორგანიზაციათა იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის სტანდარტებს და შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან. გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, რუსეთის ფედერაციისა და უნგრეთის კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება უარყოფითად შეაფასეს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მოსაზრებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, „უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას „უცხოელ ჯაშუშთან“ და „მოღალატესთან“, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებით კი, ამ ტერმინის გამოყენება გაერთიანების თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევაა, რამდენადაც ქმნის განცდას, რომ შესაბამისი ორგანიზაციები უცხოურ კონტროლს ექვემდებარებიან.
„ხალხი ძალის“ და „ქართული ოცნების“ წევრების მტკიცებით, კანონპროექტი ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წლიდან მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეიქმნა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. პრაისის განცხადებით, შემოთავაზებული კანონი საქართველოს მოქალაქეების დამოუკიდებელ ხმას გარიყავს და გააჩუმებს და პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ნიდერლანდების ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა 40 უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადება, რომლითაც ისინი საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, კანონპროექტი არ მიიღოს, რადგან იგი „ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას იმეორებს, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას“.