„გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები - ეს არის მოლაპარაკებების გახსნა, ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, პირდაპირი ფრენები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და სტრატეგიული პარტნიორისგან დავინახავთ არამხოლოდ სიტყვებს, რადგან ჯერ არავინ იცის, ეს ინიციირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა, თუკი ჩვენ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო“, - ამ განცხადებით გამოეხმაურა თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აშშ-ის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს ითვალისწინებს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეაჩერებს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ჟურნალისტების შეკითხვაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის თუ არა მკაფიო უარი აშშ-ის შემოთავაზებაზე, კალაძემ უპასუხა, რომ, პირიქით, ეს არის დასტური, რომ „ვინმეს თუ რამის გაკეთება უნდა, ამის წინააღმდეგი არავინაა“.
„მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის კანონი, რომელიც მივიღეთ, რატომ იყო მნიშვნელოვანი: ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ რევოლუციის არაერთი მცდელობა არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, პირდაპირი მოწოდებები და განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ნორმალურ ქვეყნებში წარმოუდგენელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია კადრულობდეს იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ.
კარგად გვესმის, ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი, ვინ არიან ის დონორი ორგანიზაციები, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვისგან ფინანსდებიან და რა პროექტებში იხარჯება ეს თანხები. ჩვენ ასევე გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომლებიც მოდის დასავლეთიდან, რომლებიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არის პასუხები.
თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს სურვილი, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მოხდეს, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, არამედ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, მიუღებელია ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი ამბობს, რომ სანქციების „არავის ეშინია და არანაირი პრობლემა არ არის ამ თვალსაზრისით“. „მგონია, რომ წარმოუდგენელია, ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დასანქცირებული. თუმცა, ისეთი უსამართლობა ხდება დღეს მსოფლიოში, გასაკვირი არაფერი იქნება“, - დასძინა მან.
კონგრესში წარდგენილია კანონპროექტი სახელწოდებით „MEGOBARI Act“, რომელიც ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას „მყარი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას. თუმცა, პროგრამა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, რაზეც მოწმობს სულ მცირე არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო“.
ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საპასუხოდ მეორე კანონპროექტსაც წარადგენს, რომელიც მოიცავს სავიზო აკრძალვების დაწესებას „რუსული ტიპის უცხოეთის აგენტების კანონის“ მიღებაზე პასუხისმგებელი პოლიტიკოსებისა და მათ ოჯახებისთვის. სანქციების სამიზნეები იქნებიან სამართალდამცავი ორგანოებისა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებიც.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მასობრივი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
პრეზიდენტმა კანონს, რომელიც მისი შეფასებით საქართველოს კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება, ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27 მაისის სასესიო კვირაში გეგმავს.
გასულ კვირას, თბილისში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ხელისუფლება გააფრთხილა, თუ კანონი ძალაში შევა ისე, რომ ის შესაბამისობაში არ იქნება ევროპულ ნორმებთან, აშშ-ის მხრიდან შეზღუდვებს ვნახავთ. გარდა ამისა, ო’ბრაიენის თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს დაახლოებით 390 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად გეგმავს, რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ აშშ ახლა განიხილება „მოწინააღმდეგედ და არა პარტნიორად“.