„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს პრობლემა არ იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
კალაძის თქმით, კანდიდატის სტატუსს ქვეყანა აქამდეც იმსახურებდა, თუმცა, იმიტომ ვერ მიიღო, რომ საქართველოს ხელისუფლება „არ იწყებს ომს“.
„მაშინ, როდესაც ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, პირველი, ვინც ამ სტატუსს იმსახურებდა, იყო ჩვენი ქვეყანა - საქართველო. არ იფიქროთ, რომ ომში მყოფ ქვეყანას რაღაცას ვაყვედრი, ღმერთმა დამიფაროს. პირიქით, ყოველთვის გამიხარდება უკრაინის და უკრაინელების წარმატება, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ყველანაირი ციფრებით, პარამეტრებით საქართველო იყო პირველი, ვისაც კონკრეტული ნაბიჯები აქვს გადადგმული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლა... აი, ყველა პარამეტრით, რაც არის, მოწინავე ვართ.
თუმცა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ძალიან კარგად გაიგო საზოგადოებამ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ, რომ არ უერთდება სანქციებს, არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს საქართველოში და ეს გამოიყენეს, ჰქონდათ სურვილი, რომ რაღაც ერთგვარ ბერკეტად ყოფილიყო ეს ყველაფერი გამოყენებული.
12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით იქნება შესრულებული. თუმცა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული. თუ მოგვცემენ [კანდიდატის სტატუსს], გაგვიხარდება, ძალიან კარგი იქნება. თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა“, - თქვა კალაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობიდან, ამ დროისთვის, სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. ევროკომისიამ საქართველოს შესასრულებლად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა, რომელთა შორის არის დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. ევროკომისია საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლის შემოდგომაზე მოამზადებს და რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა.
ამ თემაზე:
