უკრაინის საელჩო არ გამორიცხავს საქართველოში მყოფი უკრაინელების ევაკუაციას, თუ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების და რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოდინების შემთხვევაში, მათ საფრთხე დაემუქრებათ. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა, გითხრათ, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს, მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რათა განიხილონ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივ ევაკუაციაში დახმარების გაწევის შესაძლებლობა“, - თქვა კასიანოვმა გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში. „მაგრამ ხაზს ვუსვამ: თუ რეალური საფრთხე იქნება მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. უმოქმედოდ არ ვიჯდებით. ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ მათი დაცვა და უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“.
კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსების ანომალიური შემოდინების გამო უსაფრთხოების რისკების ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.
„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური საევაკუაციო მარშრუტების ორგანიზების შესაძლებლობას სპეციალურად უკრაინის მოსახლეობის იმ ყველაზე მოწყვლადი ნაწილისთვის, რომელსაც ნამდვილად არ აქვს დაბრუნების საშუალება. ამასთან, ყველაზე ოპტიმალურად სახმელეთო ტრანსპორტი მიგვაჩნია“, - აღნიშნა დიპლომატმა.
18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. გარდა ამისა, ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწონა „სიმამაცე“, რომ „დასავლეთის მხრიდან ზეწოლის“ მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრენების აღდგენას მიესალმება, რადგან, მისი თქმით, ეს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მილიონამდე მოქალაქის მდგომარეობას შეამსუბუქებს. ამ არგუმენტს არ იზიარებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია“, - განაცხადა მან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 5 426 903 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მათგან ყველაზე მეტი - 1 087 257 ვიზიტი რუსეთის ფედერაციიდან იყო. ეს მაშინ, როდესაც უკრაინიდან 168 915 ვიზიტორია რეგისტრირებული. უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანვრის დასაწყისში გამოქვეყნებულ წერილში, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს საქართველოს ოფისის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ 2022 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 24 თებერვლიდან საქართველოში 1 268 000 რუსი შემოვიდა, რომელთაგან საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 116 000 დარჩა. ეს მაშინ, როდესაც თერთმეტ თვეში საქართველოში სულ 182 ათასი უკრაინელი შემოვიდა და მხოლოდ 25 000-მდე დარჩა ქვეყანაში. კასიანოვი საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების ხანგრძლივად ყოფნის ხელისშემშლელ ფაქტორებად მიიჩნევს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების „ანომალიურად მაღალ რაოდენობას“, ასევე, ამით გამოწვეულ ფასების მკვეთრ ზრდას როგორც საცხოვრებლის ქირაზე, ასევე საკვებსა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე.
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს, დაახლოებით რვა თვეში, საქართველოს მასშტაბით, 15 164 შენობა-ნაგებობაზე რუსეთის 12 335 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. აქედან, 13 262 საცხოვრებელი ბინაა, რომელზეც რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის 11 722 მოქალაქის საკუთრების უფლება. გარდა ამისა, 13 850 მიწის ნაკვეთი (როგორც შენობა-ნაგებობით, ისე მის გარეშე) რუსეთის ფედერაციის 10 975-მა მოქალაქემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილია.
საქართველოში რუსეთის მოქალაქეები მასობრივად შემოვიდნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ. მათი რაოდენობა განსაკუთრებით გასული წლის 21 სექტემბრის შემდეგ გაიზარდა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა ომში 300 000 ადამიანის გასაწვევად. ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან რუსეთის მოქალაქეების რამდენიმეკილომეტრიანი რიგები იდგა.