უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ და მის დირექტორს, თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს, 1-ელ ივლისს მიიღო, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანებით დაადასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
რუსეთთან და უკრაინის წინააღმდეგ ომთან კავშირის გამო სანქციები სულ 190 ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას დაუწესდა. სანქციები გულისხმობს მათი აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების სრულად შეჩერებას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენების ნაწილობრივ ან სრულად აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებას, საქონლის ან მოსახურების შეძენის აკრძალვას და ა.შ. ზელენსკის ბრძანება მისი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
სანქციების დაწესებამდე თამაზ გაიაშვილი და „ჯორჯიან ეარვეისი“ სანქციების რისკის წინაშე მყოფთა შორის მოხვდნენ. მათ შესახებ მონაცემები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ პორტალზე „ომი და სანქციები“ გამოქვეყნდა:
- თამაზ გაიაშვილი - ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი, შპს „პილოტის“ მფლობელი და სომხური ავიახაზების (Air Dilijans) დამფუძნებელი. Air Dilijans-ს რუსეთში ფრენები არ შეუჩერებია და „ჯორჯიან ეარვეისს“ უწევდა მომსახურებას. 2019 წლიდან თამაზ გაიაშვილი აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის იდეას. ის ბიძინა ივანიშვილის კაცადაა პოზიციონირებული.
- ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) - საქართველოს ფლაგმანური გადამზიდავი. ბაზირებულია დედაქალაქის აეროპორტში, თბილისში. კერძო ავიაკომპანია ახორციელებს ფრენებს საქართველოდან ძირითადად ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტებში. იგი დაარსდა 1994 წლის სექტემბერში, სახელწოდებით „აირზენა“. „ჯორჯიან ეარვეისი“ მთლიანად კერძო კომპანიაა, რომლის წილების 80%-ს დავით გაიაშვილი ფლობს. მას აქვს თანამედროვე ფლოტი და შედგება საშუალო მანძილის Boeing 737 და CRJ თვითმფრინავებისგან. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტია, დირექტორი კი თამაზ გაიაშვილია.
2023 წლის 20 მაისს „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო და რეისების შესრულება დაიწყო. ამ გადაწყვეტილების გამო მას ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანია, გამდიდრების მიზნით, შექმნილი რეალობით სარგებლობს. საპასუხოდ, თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და თქვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებს, ვიდრე ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
პორტალზე „ომი და სანქციები“ ვკითხულობთ, რომ ავიაკომპანიის „საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებასა და გამარტივებას, მათ შორის საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების შექმნის რისკებს და ზრდის რუსული ბიზნესის ინტეგრაციას ქართულ ეკონომიკაში“.
სანქციების რისკის ქვეშ მყოფთა შორის ასევე არიან თამაზ გაიაშვილის ძმა და დავით გაიაშვილი, შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia), რომელიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებს ემსახურება.
უკრაინის მიერ დასანქცირებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია არც თამაზ გაიაშვილი და არც მისი კომპანია.