უკრაინის უმაღლესი რადა (პარლამენტი) საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის თაობაზე მიმართავს. შესაბამის რეზოლუციას დღევანდელ სხდომაზე დამსწრე 332 დეპუტატიდან 285-მა დაუჭირა მხარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, უკრაინის მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, უკრაინის უმაღლესი რადა:
- მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრო ლუბინეცს მისცეს მიხეილ სააკაშვილთან დაშვება;
- მიმართავს სალომე ზურაბიშვილს თხოვნით, განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით;
- მიმართავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს თხოვნით, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის თაობაზე, რითაც დადასტურდება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მნიშვნელობა.
3 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს. მან ოფიციალურ თბილისს მოუწოდა, „შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას“. ამ საკითხზე კონსულტაციების გამართვის მიზნით, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩის თბილისში დაბრუნების დავალება გასცა. საქართველოს ხელისუფლება კონსულტაციებს გამორიცხავს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც თბილისში, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უკვე ერთ წელზე მეტია სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მიმდინარე წლის აპრილში მან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართა, თუმცა მკურნალობის მიზნით პოლონეთში გადაყვანაზე უარი ეთქვა.
მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი და 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. ის ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს, ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება და პუტინის ტყვეა.