ზელენსკი: ყველა ჩუმადაა და ფიქრობს, ომი აფხაზეთში ქართველების პრობლემა, ყირიმში უკრაინელების

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ბოროტება, რომელიც 1945 წელს თითქოს საბოლოოდ დამარცხდა და დაიწვა, ფერფლიდან ხელახლა იბადება 80 წლის შემდეგ. ფეხზე დგება. შესაძლებელი ხდება. როგორ მოხდა ეს? შეუმჩნევლად და ძალიან სწრაფად. როგორც ერთი დღე ცვლის მეორეს. მომენტალურად. ახალი დღე და ახალი ბოროტება მყისიერად მოდის, იმ დროს, როდესაც ამას მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება, ზოგს ღრმად სძინავს. ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. ვიღაცას არ აინტერესებს.

საერთო ჯამში, ყველა ჩუმად არის და ერთნაირად ფიქრობს: ეს მე არ შემეხება, ომი სადღაც შორს არის. სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა. სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ქართველების პრობლემაა. სადღაც ყირიმსა და დონბასში, ეს უკრაინელების პრობლემაა. ჩვენ არ შეგვეხება. ჩვენ ზიანს ვერ მოგვაყენებენ. ისინი ჩვენამდე ვერ მოვლენ.  სამწუხაროდ, შედეგად, ეს ყველას პრობლემა ხდება“, - განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 ოქტომბერს, ნაცისტი დამპყრობლებისგან უკრაინის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით:

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ყოველ წელს, 28 ოქტომბერს, ჩვენ ნაცისტი ოკუპანტებისგან უკრაინის გათავისუფლებას აღვნიშნავთ. პატივს მივაგებთ იმ უკრაინელებს, რომლებიც იბრძოდნენ და მეორე მსოფლიო ომის დროს ნაციზმი დაამარცხეს. დღეს, როდესაც ამას ვაკეთებთ, ყვავილების ნაცვლად ხელში იარაღი გვიჭირავს. დღეს ჩვენი წინაპრების გმირობის შესახებ ხსოვნის შენარჩუნება ნიშნავს მათი მიღწევების დაცვას. გვახსოვს ნაცისტების გაძევება, ვუახლოვდებით რაშისტების გაძევებას.

ადრე თუ გვიან, საშინელი ომის შესახებ მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება, აგრესორი ტერორისტი და ნაციზმი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება ახალი ნიღბით მოგვევლინოს, ახალი ლოზუნგებით, მაგრამ იგივე მიზნით. სამწუხაროდ, ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით. ჩვენ ვიცით, როგორ შეიძლება შეიჭრას ბოროტება თქვენს სახლში - გასულ საუკუნეში, რვა წლის და რვა თვის წინ. დაარღვიოს დასავლეთის საზღვრები ან მოვიდეს ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და ანექსირებული ყირიმიდან. შეუტიოს მშვიდობიან ქალაქებს ბომბებით ან საკრუიზო რაკეტებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინელების ბრძოლის შედეგი ოკუპირებული ხერსონის, დონბასის, ლუგანსკის და 2014 წელს ანექსირებული ყირიმის გათავისუფლებით უკრაინის გაერთიანება იქნება.

„ბოროტება ყოველთვის ერთნაირად მთავრდება. ოკუპანტი ნებდება. დამპყრობელი გარბის. ომის დამნაშავეები ბრალდებულები ხდებიან, აგრესია ხდება განაჩენი. განადგურება რეპარაციად იქცევა, მტრის აღჭურვილობა - მუზეუმის ექსპონატად.

დღეს რუსეთის ერთადერთი ტაქტიკა ტერორი გახდა. ასეთი ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხებაა. ტერორი გახდა მათი სისუსტის დასტური და ჩვენი გამძლეობის გამოცდა. დაბომბვით ვერ გაგვტეხავს. ჩვენს ცაზე მტრის რაკეტები ნაკლებად შემაშინებელია, ვიდრე მტრის ჰიმნი ჩვენს მიწაზე. ჩვენ არ გვეშინია სიბნელის. ჩვენთვის ყველაზე ბნელი დრო არის არა დრო სინათლის გარეშე, არამედ თავისუფლების გარეშე. ჩვენი არმია ძლიერია, ხოლო მოხალისეები დაუღალავები არიან, პარტნიორები სანდოები და ხალხი შეუპოვარი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, სექტემბრის ბოლოსთვის კი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიები ფედერაციის შემადგენლობაში შეიყვანა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ ხნის განმავლობაში, რუსეთმა 4500 სარაკეტო დარტყმა და 8000-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, ბოლო პერიოდში, რუსეთის ჯარი აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს, „შაჰიდებს“.

 

ამ თემაზე:

ყირიმის პლატფორმით უნდა დაიწყოს სხვა ტერიტორიების დეოკუპაციაც, მათ შორის აფხაზეთის - ზელენსკი

საქართველოში ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა - არესტოვიჩი

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).