არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც მოითხოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში 34-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაასაჩივრა. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თუ სასამართლო სარჩელს არ მიიღებს, „ეს იქნება კიდევ ერთი არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვასაჩივრებთ მთლიანად არჩევნების კონსტიტუციურობას და ამ არჩევნების მომწესრიგებელ ნორმებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საქართველოს ასიათასობით მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. პარლამენტის სამანდატო კომისია ვალდებული იქნება, არ გაატაროს რეგისტრაციაში 150-ვე დეპუტატობის კანდიდატი, ვინაიდან არჩევნების კონსტიტუციურობაზე სასამართლოში იქნება დავა.

საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ მიიღებს ამ სარჩელს, კიდევ ერთხელ აღმოჩნდება და დადასტურდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არ არსებობს ამ ქვეყანაში და ესეც კიდევ ერთი დამატებითი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური სარჩელზე ხელმომწერი 34 დეპუტატიდან ერთ-ერთია. როგორც ის ამბობს, სასამართლოსგან ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს, რადგან ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი „ერთი ადამიანის ინტერესებს ემსახურება“.

„მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი არ უნდა გამოვიყენოთ. პირიქით, ყველა სამართლებრივი ბერკეტი გამოსაყენებელია და შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ პროცესს მხარს უჭერს“, - თქვა ბუკუჩურმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას ინფორმაციით, დეპუტატების სარჩელი სასამართლოში ჯერ არ არის შესული. „გვაცნობეს, რომ სარჩელი ჩაბარდა საქართველოს ფოსტას თბილისში და ველოდებით“, - უთხრა „მთავარ არხს“ ტურავამ. საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში მდებარეობს.

19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) განმარტავს, რომ პრეზიდენტის სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. შესაბამისად, პარლამენტი ვერ შეძლებს მათი უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. ამის საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არ შეუძლია, რომ ახლად არჩეული პარლამენტის საქმიანობა შეაფერხოს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი. ცესკოს მონაცემებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.

 

ამ თემაზე:

ახალი პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება - კობახიძე

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.