„მართლაც, არცერთი გაერთიანება არ მიღირს, რომელმაც, შესაძლოა, დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ხვალინდელი დღე, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რისთვისაც ჩემი წინაპრები იბრძოდნენ, სისხლი დაღვარეს“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე საუბრისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კალაძის თქმით, არავის მისცემენ შესაძლებლობას, ქვეყნის ინტერესები და სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაიგოს.
„ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას, რა თქმა უნდა, არ მიღირს ამად. ძალიან მარტივი კითხვა მაქვს, როდესაც ევროკავშირში გაწევრებაზე გვესაუბრებიან, რატომ უშლის აღნიშნული კანონპროექტი ხელს? ერთი არგუმენტი დამისახელოს ვინმემ.
ყველა კარგი პროექტის განხორციელებას მივესალმებით, როგორ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ხელი შეუშალოს, ან არ შეუწყოს, მაგრამ როდესაც საუბარია ექსტრემისტულ დაფინანსებაზე, რევოლუციურ დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს დაფინანსება.
გამჭვირვალობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ყველას პატივს ვცემ გერმანიას, ამერიკას. ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყანა, რას იტყვის ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები აცხადებენ, რომ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ქვეყანის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საფრთხეა.
11 აპრილს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა წარდგენილი კანონპროექტი შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და მისი მიღების შემთხვევაში, ევროკომისიისთვის ძალიან რთული იქნება დადებითი შეფასების გაკეთება.
ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას უკვე მოუწოდეს, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც აცხადებენ, რომ ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს. მეთიუ მილერის განმარტებით, კანონი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად შრომობენ და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიას.
„ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია პარლამენტიდან. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
რუსული კანონი წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებისთვის საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაზღვრული 9 პირობიდან სულ მცირე ორთან - უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.