საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიესალმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე. მისი თქმით, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ნაბიჯი დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ყოფითი პრობლემების მოგვარებასთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 6 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
„რაც შეეხება საკითხს ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორ ჩანს ეს საკითხი ჩვენი ხელისუფლების თვალით დანახული: ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ყოველთვის ჩვენი საზრუნავი არიან, მათ შორის, ამ შემთხვევაში. მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელთაც აქვთ ძალიან მჭიდრო კავშირი საქართველოში მხოვრებ ახლობლებთან, ნათესავებთან.
სწორედ ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი; რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს და საშუალებას მისცემს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეძლონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მიმოსვლა და ურთიერთობა. ეს არის სწორედ ამ კონტექსტში და ჭრილში დანახული“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამომოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ერთგული იმ პოლიტიკის, რომელიც საერთაშორისო სანქციებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს ეხება.
შეკითხვას, მოახდენს თუ არა მოსკოვის ეს ნაბიჯი გავლენას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე, ილია დარჩიაშვილმა უპასუხა, რომ ყველა საკითხის 12-პუნქტიან რეკომენდაციასთან დაკავშირება არ არის სწორი: „მაშინ როდესაც მოლდოვას, ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამ შემთხვევაში არ არსებობს კითხვები და რატომ შეიძლება საქართველოსთან დაკავშირებით დადგეს ეს კითხვის ნიშნის ქვეშ? ეს მიუღებელია. საქართველო პირნათლად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს ევროინტეგრაციის პოლიტიკას“.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს ორი განკარგულება გამოსცა. პირველი 15 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს, ხოლო მეორე - რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას. რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წლიდან ჰქონდა დაწესებული, პირდაპირი ფრენები კი 2019 წლის ივლისიდან აიკრძალა, რასაც წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართული საპროტესტო გამოსვლები.
სამი წლის წინ შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი 2023 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააჟღერა, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საჯაროდ შეაქო „მამაცობისთვის“. როგორც მან თქვა, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება და მოხარულია, რომ „უერთიერთობები აქტიურად ვითარდება“. მაშინ ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მალე იქნებოდა შესაძლებელი.
ავიამომოსვლის აღდგენასთან და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ვიდრე რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტია, ასეთი ჟესტი უდროო და მიუღებელია. მან პუტინის გადაწყვეტილებას უწოდა მორიგი რუსული პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
ამ თემაზე:
საქართველო არ მიიღებს სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებსა და ხომალდებს - ქვრივიშვილი