კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა არალეგიტიმურ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებით მიმართეს. როგორც გაერთიანების ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, ხალხის ხმა მიტაცებულია და მათ არ აქვთ სურვილი, დასხდნენ იმ პარლამენტში, სადაც „მიმტაცებლები“ არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ბიძინა ივანიშვილმა სპეცოპერაციით მიისაკუთრა ადამიანების ნება და მომავალი. მან მასიურად, რუსული სპეცოპერაციით გააყალბა საქართველოში არჩევნები. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ აქ ვიმყოფებით, რათა გამოვხატოთ ეს პროტესტი, რომ არ ვიყოთ დარბაზში იმ ხალხთან ერთად, ვინც შულერობით, სპეცოპერაციით წაართვა ჩვენს ქვეყანას მომავალი. ჩვენი პოზიცია მკაფიოა - ჩავხსენით სიები და დღეს ყველამ, 14-ვემ დავწერეთ განცხადება, ჩავაბარეთ და დაველოდებით რეაგირებას. მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენ ამ რუსულ მთავრობას გავისტუმრებთ. მაქვს რწმენა იმისა, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება და ნამდვილ ქართველ პატრიოტებთან ამ ქვეყანას დავაბრუნებთ ევროპული მიმართულებით“, - განაცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
„ძლიერი საქართველოს“ წევრებმა განცხადებები „თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარის“ სახელზე დაწერეს, რითაც ხაზს უსვამენ, რომ პარლამენტს არ აღიარებენ. „ვერ ეღირსებიან ჩვენგან აღიარებას და მიმართვას „პარლამენტის თავმჯდომარის“ სტატუსით. დღეს პარლამენტს თავმჯდომარე არ ჰყავს“, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც შესაბამის დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. ბიურომ საკითხი განსახილველად უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს. დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას უბრალო უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში.
დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს მიმართეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა, ხოლო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ დროისთვის განცხადება მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს გაგზავნილი.
პარტიის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტიულ სიას ჩახსნიან და საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის მაშინ, როცა ამას თავად ჩათვლიან საჭიროდ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემების თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53.93%) მოიპოვა, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ - 19 მანდატი (11.03%), „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერმა საქართველომ“ - 14 მანდატი (8.81%), ხოლო პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი (7.78%). ამ შედეგებს მხოლოდ „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომელიც მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე 25 ნოემბერს შეიკრიბა და კონსტიტუციის დარღვევით, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.