ევროპარლამენტმა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების შესახებ წლიურ ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ორი ცვლილება შეიტანა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ცვლილებები, რომელთა ავტორი დეპუტატი ანნა ფოტიგაა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და ოჩამჩირეში რუსული ბაზის აშენების საკითხებს ეხება.
„მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და მისი პატიმარია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ის ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და უნდა დაუბრუნდნენ საქართველოს“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ანნა ფოტიგამ, ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) ჯგუფის წევრმა.
ანგარიშის 66-ე პუნქტში შეტანილი ცვლილება შეიცავს მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი: „ევროპარლამენტი იმეორებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული საფუძვლით გათავისუფლების მოწოდებას და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება შეწყალების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“.
ევროპარლამენტი 64-ე პუნქტში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას: „ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის გეგმებს ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირაში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენების შესახებ და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ უხეში დარღვევის დასჯის მიზნით“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცვლილების შეტანას პროვოკაციად აფასებენ. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ასეთი ტექსტები „რისკის შემცველი შეიძლება იყოს“.
„არ მინდა, მატულობდეს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც კითხვას სვამენ: ნუთუ ევროპული ღირებულებები ის არის, რომ ითხოვდნენ იმ ადამიანის გათავისუფლებას, ვისაც დანაშაულები აქვს ჩადენილი, ნუთუ ის არის ევროპული ღირებულება, როცა მხარდაჭერა უცხადდება ადამიანს, რომელსაც ყველამ ვიცით, რაც აქვს ჩადენილი. ამას საქართველოსთვის სერიოზული ხიფათის მოტანა შეუძლია“, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ევროპარლამენტის მოწოდებას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თამჯდომარე, შალვა პაპუაშვილი. მისი თქმით, დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს.
ევროპარლამენტმა ერთი წლის წინ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ზურაბიშვილი შეწყალების საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ეს არ არის ის გადაწყვეტილება, „რაზეც რაიმე გზით შეიძლება გავლენის მოხდენა საგარეო ან შიდა წნეხით“,
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. მას დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალებისთვის 6 წელი აქვს მისჯილი. მიხეილ სააკაშვილი ასევე ბრალდებულია საზღვრის უკანონო კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის - ე.წ. „პიჯაკების“ საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად იდევნება, პუტინის ტყვეა.