საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯაროდ მოუწოდა, რომ რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხობის საბჭო დაუყოვნებლივ მოიწვიოს. პრეზიდენტის განცხადებით, საბჭომ რუსეთთან საზღვარზე კონტროლის გამკაცრების და სავიზო რეჟიმის გადახედვის საკითხები უნდა განიხილოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია ვერცერთი სხვა პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურისგან - ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ევალება ჩვენი საზღვრის კონტროლი, ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, არის ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა, ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც პირდაპირ კანონით ევალება საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა.
არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიოს ყურადღება მაქსიმალურად მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ. ამიტომ, იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო.
მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც განხილული უნდა იყოს ამ ფორმატში. დრო აღარ ითმენს, ერთი არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, მეორეა - საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენება, რომელიც არსებობს და ჩვენი პარტნიორები ამ სიებს აკონტროლებენ. ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ დროულად და დეტალურად უნდა მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, რა ზომებს იღებს ხელისუფლება იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები, არც, რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციის ვაკუუმია, ცრუ ინფორმაციების გავრცელება.
ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ. დაბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან გაგრძელდეს ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, რუსეთთან საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის. მანამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ“. ამ თემას არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოხმაურებია და არც მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წევრი.
23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ მიდის იმის გასარკვევად, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვს.
ამ დროისთვის, „ვაგნერი“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებს აკონტროლებს, მათ შორის აეროდრომსაც. მოსკოვისკენ მიმავალი „ვაგნერელების“ კოლონა ლიპეცკის ოლქში შენიშნეს, რომელიც რუსეთის დედაქალაქიდან დაახლოებით 400 კილომეტრშია. ოლქის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლებიდან არ გავიდნენ.
ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ, დღეს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოქალაქეებს მიმართა. მან პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება.
„ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს. მოვუწოდებ მათ, ვის ჩათრევასაც ცდილობენ ამ დანაშაულში, არ დაუშვან საბედისწერო და ტრაგიკული შეცდომა, გააკეთონ ერთადერთი სწორი არჩევანი - შეწყვიტონ მონაწილეობა დანაშაულებრივ ქმედებებში“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ხელისუფლებას კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი აქვს გამოცხადებული ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში. ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.