მიგრაციის დეპარტამენტმა აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვაზე უარი უთხრა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას არ ემუქრება ის საფრთხეები, რაზეც საკუთარ განცხადებაში მიუთითებდა. როგორც ადვოკატმა რუსუდან მჭედლიძემ განაცხადა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 მიგრაციის დეპარტამენტის უარი, აზერბაიჯანულენოვანი დოკუმენტი, აფგან სადიგოვს 16 სექტემბერს ჩაბარდა.

„სადიგოვს დოკუმენტით უარი ეთქვა საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე. მიგრაციის დეპარტამენტიდან გამოვითხოვეთ ადმინისტრაციული საქმის მასალები სრულად, მათ შორის, ოფიციალური, ქართულ ენაზე მომზადებული გადაწყვეტილება და როცა ჩავიბარებთ ყველა დოკუმენტს, სრულყოფილად შევძლებთ რეაგირებას, გავიგებთ, თუ რა იყო ამ უარის საფუძველი, კონკრეტული მიზეზი.

თუმცა, აზერბაიჯანულენოვან გადაწყვეტილებაში, რომელიც ჩაბარდა აფგან სადიგოვს, მითითებულია, რომ იგი არ აკმაყოფილებს როგორც ჰუმანიტარული, ასევე ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმებს და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არ ემუქრება საფრთხე და რისკები, რასაც განმცხადებელი განმარტავდა.

სრულ მასალებში იქნება დასკვნა, განმარტებული იქნება საფუძვლები თუ რატომ შეაფასა მიგრაციის დეპარტამენტმა ეს საკითხი ამგვარად. თუმცა, იმ პირობებში, როცა ჟურნალისტი ორჯერ იყო დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მოხდა შეთანხმება კომპენსაციის სანაცვლოდ მის გათავისუფლებაზე, ჩნდება კითხვის ნიშნები მიგრაციის დეპარტამენტის ჩანაწერის მიმართ, თითქოს, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკები არ არსებობს“, - განაცხადა რუსუდან მჭედილძემ „საქართველოს ამბებთან“.

„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით. ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი სერიოზული ზიანის, მათ შორის  წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის საფრთხის წინაშე დადგება. ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება ხდება ერთი წლის ვადით და სამინისტროს გადაწყვეტილებით ის შეიძლება გახანგრძლივდეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. მომდევნო დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ საჩივარი დაუშვებლად ცნო და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, რაც ექსტრადიციის პროცესის შეჩერების საფუძველია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის საქმეზე იძებნებოდა. როგორც გაირკვა, ბაქოში მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღძრეს, რაც, ოჯახის წევრების მტკიცებით, სადიგოვის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. ის ამბობდა, რომ აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ივლისში, ის ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ ის არ დაუკავებიათ და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.

აფგან სადიგოვის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ხელისუფლებას მისი „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამ თემას გამოეხმაურნენ Amnesty International-ი და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტიც (IPI). საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტის ექსტრადირების მცდელობა - საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას ითხოვენ. ამასთან, Amnesty International-ის შეფასებით, სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციის გაგრძელებაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.