ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგობის შემდეგ, მუსლიმებმა დაბა ადიგენში პარასკევის ლოცვის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ დღეს, როდესაც მუსლიმები რამადან ბაირამს აღნიშნავენ, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ და მერაბ (იუსუფ) მიქელაძემ განაცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„პრობლემების გამო, შევაჩერეთ პარასკევის, ბაირამის ლოცვა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ღმერთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება“, - თქვა მიქელაძემ. მუსლიმები სწორედ მის საკუთრებაში არსებულ სახლში იკრიბებოდნენ სალოცავად.
„ამ ქვეყანაში თუ ვინმე აშენებს მშვიდობას, პირველი ვართ და ვიქნებით ჩვენ, მუსლიმი თემი. ჭელაში შემდგარ შეხვედრაზე, მუსლიმ თემთან ერთად ცხარე დისკუსიის შემდეგ, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ შეჩერდეს პარასკევის ლოცვა, ბაირამის ლოცვა და ყველაფერი მოლაპარაკების ფორმატში, ცივილიზებულ ფორმატში გადავიდეს. ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მერაბს და მრევლს, რომელიც დაგვეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელმაც მშვიდობას დაუჭირა მხარი. ღმერთმა დალოცოს მთელი ქვეყანა, გააერთიანოს და ქართველი ერი ერთ მუშტად შეკრული გვამყოფოს“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის მუფთმა.
მერაბ მიქელაძემ დაბა ადიგენში, წერეთლის N18-ში არსებულ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ორი წლის წინ მუსლიმური სალოცავი და სასულიერო სასწავლებელი მოაწყო, რის წინააღმდეგაც მართლმადიდებელი ქრისტიანები გამოვიდნენ. ვითარება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაიძაბა.
8 მარტს და 5 აპრილს, პარასკევის ტრადიციული ლოცვის დაწყებამდე, მერაბ მიქელაძის სახლთან რამდენიმე ათეული ადამიანი ზარზმის მონასტრის წინამძღვრის, ნიკოლოზ გეწაძის ხელმძღვანელობით შეიკრიბა. სასულიერო პირები და მრევლი აცხადებდნენ, რომ ადიგენში მუსლიმური სამლოცველოს ფუნქციონირებას არ დაუშვებდნენ. ნიკოლოზ გეწაძე მერაბ მიქელაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. ორივე შემთხვევაში მიქელაძის სახლთან დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ მობილიზებული.
მოლაპარაკებების ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მერაბ მიქელაძეს ორი ვარიანტი შესთავაზა - ადიგენში სახლის დათმობის სანაცვლოდ, სოფელ იჯარეთში სამლოცველოსთვის ფართის გამოყოფა, ან მუნიციპალიტეტის მიერ მისი სახლის გამოსყიდვა. მერაბ მიქელაძე სახლის დათმობაზე უარს ამბობდა.
მიქელაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით დევნის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.