საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერა. ორბელიანების სასახლეში უკვე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „დროას“, „მოქალაქეების“, „ახალის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „რესპუბლიკელებსა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ერთიან სამოქმედო გეგმას ასევე უერთდებიან „მოძრაობა ხალხისთვის“, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, „სამართლიანობისთვის“, „მწვანეთა მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ და „პროგრესი და თავისუფლება“. ხელმოწერის პროცესი დღის ბოლომდე გაგრძელდება.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და მიზანი, რომლის გადარჩენაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, არის ევროპული მომავალი. ამ დოკუმენტის ფარგლებში გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაშიც საქართველოს შეუძლია, წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ამიტომ მივიჩნიეთ აუცილებლად, რომ ხელი მოგვეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე.
ჩვენ ვუერთდებით მას და ვდებთ პირობას, რომ გამარჯვების შემდეგ, კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს იმისთვის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანდეს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიების წევრები ხაზს უსვამენ, რომ „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა ნიშნავს იდეის ირგვლივ გაერთიანებას და არა ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებას.
„ეს ქარტია არის პრაქტიკულად ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად გავისტუმროთ რუსული რეჟიმი. ეს არის ერთობა და არა პოლიტიკური გაერთიანება“, - აღნიშნა „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, „ქართული ქარტია“ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენიტია, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს „პოლიტიკურ სიცხადეს, თუ ვის და რის შორის აქვთ მათ არჩევანი“.
„ეს არის, ერთი მხრივ, რუსეთი, მეორე მხრივ, კოალიციური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ვალდებულებებით არის დახუნძლული. ეს მოგვცემს საშუალებას: პირველი - დავაბრუნოთ სამართლიანი არჩევნები; მეორე - ევროპული დღის წესრიგის დაძვრა ჩიხიდან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა; მესამე - რეფორმები, რომელიც დაასრულებს საბჭოთა კავშირს ჩვენს ქვეყანაში, რის გამოც წრეზე დავდივართ ათწლეულებია; მეოთხე - ერთობის დემონსტრირება.
ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად განსხვავებისა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ კოალიციური მუშაობის და შეთანხმების მინიმალური უნარი ხალხის ინტერესების გარშემო.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ დოკუმენტს, დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვალდებულებას ვიღებთ მის ზედმიწევნით შესრულებაზე“, - განაცხადა ხოშტარიამ.
„ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერას არ აპირებენ საპარალამენტო ოპოზიციური პარტიები - „გირჩი“ და „გახარია - საქართველოსთვის“.
საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ერთიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას, რეფორმების განხორციელებას და ამის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის.