„დღეს ე.წ. ლიბერალები რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და აშშ დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადგმული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნგრეთში, „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე გამოსვლის დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. ლიბერალები განსაკუთრებული ენთუზიაზმით იბრძვიან ქრისტიანობის წინააღმდეგ და იარაღად პროპაგანდას იყენებენ, რომელსაც „მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში“, ბოლშევიკების უროზე დიდი ძალა აქვს.
„დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა“, - განაცხადა კობახიძემ. როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ლიბერალები ასევე ებრძვიან „ქვეყნის იდენტობის ისეთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს, როგორიც სახელმწიფო სუვერენიტეტია“.
„პროცესები თუ იმ მიმართულებით წარიმართა, რა მიმართულებითაც დღემდე წარიმართება, სახელმწიფო სუვერენიტეტს მალე უკვე ფორმალურადაც ზუსტად ისეთივე მიუღებელ ღირებულებად გამოაცხადებენ, როგორადაც დღეს ქვეყნის ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას გვიცხადებენ. საქართველო დღემდე არსებითად წარმატებით ახერხებს როგორც საკუთარი ეროვნული და რელიგიური იდენტობის, ისე ტრადიციული ღირებულებების დაცვას. თუმცა, ჩვენს წინაშეც ურთულესი გამოწვევები დგას. ე.წ. ლიბერალები აქტიურად ცდილობენ, ქართულ საზოგადოებაში საკუთარი იდეოლოგია გაავრცელონ და სახელმწიფოს და საზოგადოების საფუძვლები შეარყიონ“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ „გამოწვევებზე“ საპასუხოდ წარდგინა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის მიზანი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვაა“, რეალურად კი, ცვლილებები კრძალავს აზრის ნებისმიერ საჯარო გამოხატვას ან საჯარო შეკრებას, რომელიც შეიძლება „ერთსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციად“ ჩაითვალოს. მმართველი პარტიის ეს ინიციატივა ევროპის საბჭოში წინასაარჩევნოდ ლგბტი ფობიით მანიპულირებად და დისკრიმინაციად შეფასდა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას და თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობაში იქნება.
„თქვენ არ დაუშვით უნგრეთში მიგრანტების უკონტროლო შემოსვლა, რითაც ქვეყანას შეუნარჩუნეთ მყარი ეროვნული იდენტობა. თქვენ მტკიცედ დგახართ უნგრეთში ქრისტიანობისა და ქრისტიანული ფასეულობების სადარაჯოზე. თქვენ მტკიცედ უპირისპირდებით ე.წ. ლიბერალურ პროპაგანდას, რათა არ დაუშვათ ბავშვებზე და ახალგაზრდებზე მავნე ზემოქმედება და მათი მორალური ღირებულებების შერყევა. თქვენ მყარად იცავთ უნგრეთის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რაც ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზების აუცილებელი პირობაა. უნგრეთი და მისი ხელისუფლება, პირადად პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არიან მისაბაძი მაგალითი ყველასთვის, ვისთვისაც სიტყვებს - სამშობლოს და პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC), რომელიც მთელი მსოფლიოდან კონსერვატიული, პოპულისტური და ულტრამემარჯვენე ძალების წარმომადგენლებს აერთიანებს, უნგრეთში წელს მესამედ იმართება. ღონისძიებაზე მთავარი მომხსენებელი კვლავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. დღის წესრიგის მიხედვით, 25-26 აპრილს გაიმართება დისკუსიები თემებზე - „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“, „გადაარჩინეთ დასავლეთი, დაიცავით საზღვრები“ და „ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი აგებენ - 2024, საარჩევნო სუპერწელი“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსერვატორთა ამ კონფერენციაზე სიტყვით პირველად 2023 წელს გამოვიდა. მთავრობის მაშინდელი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ორბანის თანამოაზრეობისა და კონფერენციაზე გაჟრერებული ჰომოფობიური გზავნილილების გამო ევროკავშირში გააკრიტიკეს. ევროპის სოციალისტების პარტიამ (PES) „ქართული ოცნებისთვის“ 2015 წელს მიცემული დამკვირვებელი წევრის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა, თუმცა ვიდრე ამ საკითხზე მსჯელობა გაიმართებოდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განაცხადეს PES-ის დატოვების თაობაზე.