ფრენების აღდგენაზე პარლამენტის და მთავრობის წევრების რეაქცია შემაშფოთებელია - კოლომინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

NATO რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრების რეაქციით შეშფოთებულია. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კოლომინას თქმით, საქართველოს რეაქცია იმ მომენტში, როდესაც ყველა მხარს უნდა უჭერდეს უკრაინას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ. ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან. რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის და ეს შეშფოთება თქვენს ხელისუფლებას გადავეცით… ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო.

შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან და მთავრობის წევრისგან ვნახეთ, რადგან, როგორც ვთქვი, ეს კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ. ეს არის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც, მაგრამ, ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციური გვერდის ავლისთვის.

თქვენ ხელისუფლებას ვესაუბრეთ იმ სამუშაოზე, რომელსაც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად აკეთებენ, ბევრ ასპექტში კარგ სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს ქმნის იმ პოტენციალისთვის, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

NATO-ს გენმდივნის წარმომადგენლის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, მიიღოს სათანადო ზომები, რათა სანქციებისთვის გვერდის ავლა არ დაუშვას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. პუტინის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც.

საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა და უკვე ორ რუსულ ავიაკომპანიას მისცა უფლება, თბილისი-მოსკოვი-თბილისის, სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე იფრინონ. მოსკოვის მიმართულებით რეისების შესრულება დაიწყო ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმაც“. ხელისუფლება ირწმუნება, რომ სანქცირებულ ავიაკომპანიებსა და თვითმფრინავებს ფრენების ნებართვას არ მისცემენ.

„საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მილიონი ქართველი გვყავს, ეთნიკურად ქართველი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახის პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან... ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან. რუსეთთან არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მაისს, კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ავიაციის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის და რიგი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს.

აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც სრულიად დასავლური საზოგადოება დისტანცირებულია რუსული რეჟიმისგან, არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, მასთან ჩართულობა გაზარდოს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგენენ, თუ ისინი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).