საქართველოში დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 20 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო. როგორც მისმა მეუღლემ, სევინჯ სადიგოვამ განაცხადა, ამით ის პროტესტს გამოხატავს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ და გათავისუფლებას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„აფგანი მიიჩნევს, რომ ქართულმა სასამართლომ უსამართლოდ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და მტკიცებულებების იგნორირებით მიუსაჯა პატიმრობა ექსტრადიციის შესახებ აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომაც უსამართლოდ დატოვა ძალაში ეს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ მასთან მიმართებაში ასევე გამოიტანა უსამართლო გადაწყვეტილება - უარი უთხრა პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე.
აფგანი მიიჩნევს, რომ რადგან აზერბაიჯანსა და საქართველოში კანონი არ მოქმედებს, იძულებულია შიმშილობას, უკიდურეს გზას მიმართოს. ის იშიმშილებს მანამდე, ვიდრე მისი უფლებები არ აღდგება“, - უთხრა სევინჯ სადიგოვამ აზერბაიჯანულ გამოცემა Turan-ს.
ქალმა ასევე განაცხადა, რომ მას და მის ორ ქალიშვილს საქართველოში საფრთხე ემუქრებათ: „ჩვენ გვითვალთვალებენ. მიგვაჩია, რომ ამის უკან აზერბაიჯანის მთავრობა დგას. შიშში ვცხოვრობთ. საფრთხის გამო, შვილებს სკოლაში არ ვუშვებ“.
აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. მომდევნო დღეს, საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
16 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა სადიგოვს საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარი უთხრა. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ აზერბაიჯანში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას არ ემუქრება ის საფრთხეები, რაზეც დაკავებული საკუთარ განცხადებაში მიუთითებდა. ადვოკატმა რუსუდან მჭედლიძემ „საქართველოს ამბებთან“ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის საქმეზე იძებნებოდა. როგორც გაირკვა, ბაქოში ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღძრეს, რაც, ოჯახის წევრების მტკიცებით, სადიგოვის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.
აფგან სადიგოვი საქართველოში ოჯახთან ერთად 2023 წლის დეკემბრიდან ცხოვრობდა. დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ივლისში, ცოლ-შვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ ის არ დაუკავებიათ და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება.
აფგან სადიგოვის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ხელისუფლებას მისი „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტის ექსტრადირების მცდელობა - საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით. ამასთან, Amnesty International-ის შეფასებით, სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციის გაგრძელებაა.