თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო და 2300 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გრიგორიადისს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
ლაზარე გრიგორიადისის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღო.
„გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა ჩემი პროტესტი. აქციაზე 10 წუთის მისული ვიყავი. დავაკაკუნე პოლიციის მიერ განთავსებულ ჯებირზე და დაკავება რომ დაიწყეს, უკან ჩამოვედით რომ არ დავეჭირეთ. მაშინ დამაკავეს. მოსამართლემ ამასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, თითქოს პოლიციელს ვაგინებდი“, - განაცხადა გრიგორიადისმა სასამართლო სხდომის შემდეგ.
ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან 14 მაისს, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე დააკავეს, რა დროსაც, მისი თქმით, პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გრიგორიადისმა წინასწარი დაკავების იზოლატორში 48 საათი გაატარა.
გრიგორიადისი, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში 2023 წლის მარტშიც მონაწილეოდა, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით გაასამართლეს. 2024 წლის 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა პრეზიდენტმა შეიწყალა და ციხე 24 აპრილს დატოვა.
გათავისუფლების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინცირებული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში ჩაერთო.
რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები თბილისში 15 აპრილიდან მიმდინარეობდა და თითქმის თვენახევარი გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით, დემონსტრაციების 200-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათი უმრავლესობა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, არასათანადო მოპყრობასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს. საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სასტიკად გაუსწორდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს - ალეკო ელისაშვილს, ლევან ხაბეიშვილს, დავით ქაცარავას და სხვებს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე ჯამში 138 შეტყობინება მიიღეს. უწყებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში არ მიუცია არცერთი პოლიციელი.
