საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ და მისი დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის დასანქცირება პოლიტიკური და მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა.
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ასეთი ფაქტები ჩვენ გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ. ცალსახად მიუღებელია, არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნიათ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ფიქრობს, რომ „ჯორჯიან ეარვესისა“ და თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში ქართული ოპოზიციის „ხელიც ურევია“ - „ალბათ საფუძველიც ზუსტად ეს არის იმ გადაწყვეტილების, რაც მიიღეს, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზიანებს და არანაირად არ არგებს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც სამინისტროში განაცხადეს, „შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია“. შეშფოთება დააფიქსირა კიევში საქართველოს ელჩმაც.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქცირებულთა სიის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 1-ელ ივლისს მიიღო, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანებით დაადასტურა. რუსეთთან და უკრაინის წინააღმდეგ ომთან კავშირის გამო სანქციები სულ 190 ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას დაუწესდა, მათ შორის, თამაზ გაიაშვილს და „ჯორჯიან ეარვეისს“. გაიაშვილმა გადაწყვეტილებას აბსურდი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“.
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება 20 მაისიდან დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისის განკარგულებით, გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეჩერების შესახებ თითქმის ოთხი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, პუტინმა საქართველოს მოქალაქეებს 23 წლის განმავლობაში მოქმედი სავიზო რეჟიმიც მოუხსნა.
რუსეთში ფრენების განახლების გამო საქართველოს პრეზიდენტმა „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს არის ავიაკომპანია, რომელიც ყველა ხელისუფლების დროს „სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს“.