თუ EU-ში არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები, ნუ მისცემენ ვიზებს - კობახიძე ტრანზიტულ ფრენებზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, ეშინიათ, რომ საქართველოს გავლით ბევრი რუსი შევა ევროკავშირში. ევროკავშირში რუსეთის მოქალაქის შესვლას სჭირდება ვიზა, თუ არ უნდათ რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირში, ნუ მისცემენ ვიზებს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრიტიკას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს გავლით ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობის მიცემას ეხება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის დღეში მხოლოდ 5 პირდაპირი ავიარეისი სრულდება.

„მარტივი სტატისტიკა რომ მოვიყვანოთ, მაგალითად, დღეში რუსეთსა და თურქეთს შორის დაახლოებით 100 პირდაპირი რეისი სრულდება, აზერბაიჯანი - დაახლოებით 25, სომხეთი - დაახლოებით 25. ჯამში არის 150 რეისი. რაც შეეხება საქართველოს, დღეში სრულდება 5 რეისი. ახლა თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ, რა მასშტაბებზეა საუბარი. როგორ შეიძლება, საქართველოში ფრენები გახდეს რაღაცნაირად რისკების საფუძველი. ეს ხომ ცარიელი სპეკულაციაა, ცარიელი ტყუილებია. როგორ შეიძლება, ელჩი ასეთ რამეს კადრულობდეს, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს უნდა უფრთხილდებოდეს. არ შეიძლება ასეთი ტყუილებით რაღაც პიარული სვლების დაგეგმვა“, - თქვა მედიასთან კობახიძემ.

მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტისა და ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანამფლობელმა, ვიტალი ვანცევმა გუშინ განაცხადა, რომ თბილისში რუსეთის მოქალაქეებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება, რათა ევროპაში ფრენა შეძლონ. ვანცევის თქმით, მათი პარტნიორი ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, რომელიც უკრაინის მიერ არის სანქცირებული, რუს მგზავრებს კარგ შეთავაზებებს უკეთებს ტრანზიტის თვალსაზრისით, კერძოდ, ხსნის რეისებს ევროპის მიმართულებით, მათ შორის, პარიზის, ნიცისა და რომისკენ.

„საბოლოო ჯამში, რუსეთის მოქალაქეებს თბილისში ექნებათ მეოთხე კარგი სატრანზიტო კვანძი სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ. ჩვენ და „ჯორჯიან ეარვეისი“ ვცდილობთ ისე მოვაწყოთ ის [ჰაბი], რომ ჩვენი მგზავრებისთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს, რომ გადაჯდომას საათ-ნახევარი, დიდი დრო არ დასჭირდეს“, - განაცხადა ვანცევმა რუსულ მედიასთან.

უკრაინაში ომის დაწყების გამო ევროკავშირს რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული. რუსულ ავიაკომპანიებსა და საჰაერო ხომალდებს აკრძალული აქვთ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში ჩაფრენა ან ქვეყნიდან ფრენის შესრულება, ისევე როგორც ევროკავშირის საჰაერო სივრცეზე გადაფრენა.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლების შემდეგ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სანქციებს შეუერთდეს.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც. „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ პირდაპირ ფრენები რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასასვლელს აძლევს, რადგან ევროპამ საკუთარი საჰაერო სივრცე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტა.

„პირდაპირი ფრენები მათ უკანა კარს უხსნის ევროპისკენ. ისევ და ისევ, მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ისინი იზოლირებულები არიან, რადგან მათმა მთავრობამ ომის დაწყება აირჩია... ასე რომ, თბილისამდე პირდაპირი ფრენების, შემდეგ კი საფრანგეთში თუ გერმანიაში გამგზავრების საშუალების მიცემა რუსეთის მოქალაქეებს აფიქრებინებს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ეს არ არის ნორმალური. სწორედ მათმა მთავრობამ დაარღვია მშვიდობა და სტაბილურობა, რომლის ასაშენებლად ჩვენ ყველამ ამდენი გავაკეთეთ ბოლო 75 წლის განმავლობაში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია, თუმცა მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო ნაბიჯი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შეიძლება იყოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).