მთიანი ყარაბაღის მკვიდრი, 68 წლის ვაგიფ ხაჩატრიანი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ლაჩინის დერეფანში მოწყობილი გამშვები პუნქტიდან გაიტაცეს. წითელი ჯვრის ცნობით, ხაჩატრიანს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, რა მიზეზითაც ორგანიზაცია მის ევაკუაციას ახდენდა. სანამ პაციენტი წითელი ჯვრის სამედიცინო პუნქტამდე მივიდა, ის შემოწმებას აზერბაიჯანელ ექიმებთან გადიოდა. სწორედ ამ დროს დააპატიმრეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
მესამე დღეა, გატაცებული პაციენტის ადგილსამყოფელი უცნობია, თუმცა აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, ხომ ხაჩატრიანი პატიმრობაში ჰყავთ. აზერბაიჯანულმა მხარემ მას ბრალი მთიანი ყარაბღის პირველი ომის (1988-1994 წლები) დროს ჩადენილი სავარაუდო „გენოციდის“ დანაშაულისთვის წაუყენა. სომხეთი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ინფორმაცია არ დასტურდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ხაჩატრიანის დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი, რადგან წითელი ჯვარი აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობს და წინასწარ აწვდის მათ იმ პაციენტების სიას, რომლებიც ლაჩინის დერეფნის გავლით სომხეთში ან აზერბაიჯანში გადაჰყავთ. ინფორმაცია დაადასტურა წითელმა ჯვარმაც.
„2022 წლის დეკემბრიდან, ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, ხელი შევუწყვეთ 680-ზე მეტი პაციენტის გადაყვანას ლაჩინის დერეფნის გავლით. ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, მხარეებთან კოორდინაციით და ვმოქმედებთ მხოლოდ მათთან შეთანხმებით. ასე იყო დღესაც“, - განაცხადა ორგანიზაციამ.
მომხდარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო. შეერთებული შტატები ყველა მხარეს მოუწოდებს, გააგრძელონ დიალოგი გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
სტეფანაკერტში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ოფისთან ხაჩატრიანის გათავისუფლების მოთხოვნით ასობით ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის იყვნენ ყარაბაღის ოფიციალური პირები.
ლაჩინის დერეფანი, სადაც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის, 2022 წლის 12 დეკემბრიდან ბლოკირებულია. ჯერ კიდევ თებერვალში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაავალა, ლაჩინის დერეფნის ბლოკირება შეეწყვიტა და ადამიანების, ტრანსპორტის და ტვირთის შეუფერხებელი გადაადგილება უზრუნველეყო. აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ იქ საკონტოლო-გამშვები პუნქტი განათავსა. მათი განმარტებით, პუნქტმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „არალეგალური სომხური შეიარაღებული ჯგუფებისთვის ცოცხალი ძალის, იარაღის და ნაღმების უკანონო ტრანსპორტირება“ უნდა აღკვეთოს.
26 ივლისს სომხეთმა მთიან ყარაბაღში 361 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, თუმცა კოლონა მხოლოდ ლაჩინის დერეფნის შესასვლელამდე მივიდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 19 სატვირთო მანქანაში ფქვილი, მაკარონი, შაქარი, მცენარეული ზეთი, რძის ფხვნილი, მარილი, ბავშვის საკვები და წამლებია.
„რატომ არ უშვებს აზერბაიჯანი ამ ტვირთს მთიან ყარაბაღში? იმიტომ ხომ არა, რომ აზერბაიჯანის რეალური მიზანი მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლების შიმშილით მოკვლა, მათი გენოციდია?“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მთიან ყარაბაღში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზის ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც გამოეხმაურა. ორგანიზაციებმა საერთო წერილში მხარდაჭერა გამოუცხადეს დაპირისპირების შედეგად დაზარალებულ კონფლიქტის ორივე მხარეს. ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაიცვას მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოება და უფლებები.