„ვაჩვენეთ მასტერკლასი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 24 თებერვალი. ჩვენი მიზანი არ ყოფილა არსებული რეჟიმის და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა. უკან შემოვბრუნდით, რათა არ დაღვრილიყო რუსი ჯარისკაცების სისხლი“, - ამბობს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც თითქმის ორდღიანი დუმილის შემდეგ პირველი მიმართვა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
დაახლოებით 10-წუთიან აუდიოჩანაწერში პროგოჟინი „სამართლიანობის მარშის“ დაწყების მიზეზებზე და მის მიმდინარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, „ვაგნერი“ მხოლოდ რუსეთის ინტერესებს იცავს და უკრაინაში ომში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, თუმცა „ინტრიგებისა და არასწორად გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგად“, 1-ელი ივლისიდან მისი დაშლა იყო გადაწყვეტილი. პრიგოჟინის განცხადებით, მეთაურები და თითქმის არცერთი მებრძოლი არ დათანხმდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებას, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს საბრძოლო შესაძლებლობების სრულად დაკარგვას გამოიწვევდა. ამის მიუხედავად, როგორც „ვაგნერის“ დამფუძნებელი ამბობს, აპირებდნენ, რომ თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა, 30 ივნისს, დონის როსტოვისკენ გაემართებოდნენ და თავდაცვის სამინისტროს ტექნიკას გადასცემდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არანაირი აგრესია არ გამოგვივლენია, ჩვენზე განხორციელდა სარაკეტო დარტყმა... კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაახლოებით 30 მებრძოლი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა. ეს იქცა მეთაურების საბჭოს გადაწყვეტილების „თრიგერად“, დაუყოვნებლივ დაგვეწყო სვლა. მთელი მარშის განმავლობაში, რომელიც 24 საათი გრძელდებოდა, ერთი კოლონა გავიდა როსტოვის, ხოლო მეორე მოსკოვის მიმართულებით. დღე-ღამის განმავლობაში ჩვენ 780 კილომეტრი გავიარეთ, არცერთი ჯარისკაცი არ ყოფილა მოკლული. ვწუხვართ იმის გამო, რომ იძულებულნი გავხდით, საავიაციო საშუალებებისთვის დაგვერტყა, მაგრამ ეს საშუალებები ისვროდნენ ბომბებს და სარაკეტო დარტყმებს ახორციელებდნენ“, - ამბობს პრიგოჟინი.
„ვაგნერის“ მეთაური მისი დაჯგუფების მომზადების მაღალ დონეზე საუბრობს. მისი თქმით, 24 საათის განმავლობაში დაბლოკეს და გაანეიტრალეს ყველა სამხედრო ობიექტი, მათ შორის, აეროდრომები, რომელიც მოსკოვისკენ გზაზე შეხვდათ.
„მსვლელობის მიზანი იყო, არ დაგვეშვა „ვაგნერის“ განადგურება და პასუხისმგებაში მიგვეცა ის პირები, რომლებმაც არაპროფესიონალური ქმედებებით უამრავი შეცდომა დაუშვეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. ამას ითხოვდა საზოგადოება. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მარშის დროს გვხედავდა მხარს გვიჭერდა“, - განაცხადა პრიგოჟინმა.
მისივე თქმით, მოსკოვიდან 200 კილომეტრში იმყოფებოდნენ, როდესაც გაჩერდნენ: „ჩვენ გავჩერდით იმ მომენტში, როცა თავდასხმის რაზმი მოსკოვს მიუახლოვდა, შემოგარენის დაზვერვა ჩავატარეთ და გაირკვა, რომ იმ მომენტში სისხლი დაიღვრებოდა. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საკმარისია იყო იმის ჩვენება, რის გაკეთებასაც ვაპირებდით. შემობრუნების გადაწყვეტილების უკან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იდგა: პირველი - არ გვინდოდა რუსული სისხლის დაღვრა, მეორე - ჩვენ მივდიოდით ჩვენი პროტესტის საჩვენებლად და არა ქვეყანაში ხელისუფლების დასამხობად...
სამართლიანობის მარშმა აჩვენა ბევრი რამ, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით: უსაფრთხოების ძალიან სერიოზული პრობლემა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. 24 საათის განმავლობაში ჩვენ გავიარეთ ის მანძილი, რომელიც შეესაბამება მანძილს 2022 წლის 24 თებერვალს [უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების დღე - რედ.] რუსეთის ჯარების განლაგების საწყისი წერტილიდან კიევამდე... ჩვენ ვაჩვენეთ ორგანიზებულობის დონე, რომელსაც რუსეთის ჯარი უნდა შეესაბამებოდეს“, - ამბობს „ვაგნერის“ მეთაური.
აუდიოჩანაწერში პრიგოჟინი არაფერს ამბობს საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ.
23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელების“ ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ „სამართლიანობის მარშს“ დაიწყებდა. მისი თქმით, 25 ათასი „ვაგნერელი“ გაარკვევდა, თუ „რატომ ხდება ქვეყანაში ეს განუკითხაობა“.
„ბოროტება, რომელიც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას მოაქვს, უნდა შეჩერდეს“, - თქვა პრიგოჟინმა, რომელიც თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრას ითხოვდა.
თავდაცვის სამინისტრომ პრიგოჟინის ბრალდებები უარყო და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაცია უწოდა, ფედერალურმა უსაფრთხოების სამსახურმა კი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის მუხლით აღძრა.
24 ივნისს „ვაგნერმა“ უკრაინის საზღვართან მდებარე დონის როსტოვში სამხედრო ობიექტებზე, მათ შორის აეროდრომზე, დაამყარა კონტროლი და მოსკოვისკენ სვლა დაიწყო. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადა ქალაქ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 ივნისს, დილით, რუსეთის მოქალაქეებს მიმართა და პრიგოჟინის ქმედებები „ზურგში დარტყმად“ შეაფასა. მან პირობა დადო, რომ ყველა, ვინც „ღალატის გზას დაადგა“, „გარდაუვალი სასჯელით“ დაისჯება: „ვინც სამხედრო აჯანყება მოაწყო და მოამზადა, ვინც იარაღი აღმართა თავისი თანამებრძოლების წინააღმდეგ, უღალატა რუსეთს და ამისთვის პასუხს აგებს“, - ამბობდა პუტინი.
24 ივნისს საღამოს, პრიგოჟინმა მოულოდნელად განაცხადა, რომ „ვაგნერელების“ კოლონა, რომელიც მოსკოვიდან 200 კილომეტრში იყო, უკან, საველე ბანაკებში დაბრუნდებოდა, რაც „რუსული სისხლის“ დაღვრის თავიდან აცილების მოტივით ახსნა. მის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, პრიგოჟინი მოსკოვისკენ სვლის შეჩერებას დათანხმდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურებოდა, თავად პრიგოჟინი კი ბელარუსში წავიდოდა. კრემლის წარმომადგენლმა ასევე თქვა, რომ აჯანყების მონაწილე „ვაგნერის“ წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ დაიწყებოდა „ფრონტზე მათი დამსახურებების გათვალისწინებით“.