„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა და პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ თქვა, რომ „ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გვქონდა იმედი, რომ პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ამბობდა ნიკა გვარამია თავის დროზე. ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა.
ფაქტობრივად, ასეთი რამ მოხდა, რომ ერთ აგენტს მეორე აგენტი შეაწყალებინეს. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ - რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივევა სურთ.
პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, რამდენიმე ევროპარლამენტარს ჰქონდა ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით, ანუ საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარებისა და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. ის მოქმედებს არა საქართველოს მოსახლეობის კარნახით, ამომრჩევლის კარნახით, არამედ გარე კარნახით“, - თქვა კობახიძემ.
მისივე შეფასებით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზაციისკენ გადადმული ნაბიჯია: „ვერ გეტყვით, რომ ეს რაიმე არსებით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ყველას გახსოვთ, რომ გვარამია იყო ქვეყანაში მთავარი პოლარიზატორი - ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი წვლილი შეჰქონდა პოლარიზაციაში“.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც 2022 წლის 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 21 ივნისს შეიწყალა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესმა სასამართლომ გვარამიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ამით ყველა სამართლებრივი საფეხური ამოიწურა.
„მე ვფიქრობ, მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად. მე არ ვაპირებ, გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ იმ ვიდეოებში, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო“, - განაცხადა გვარამიამ გათავისუფლების შემდეგ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ევროპარლამენტის წევრები.ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველო ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირის კანდიდატობას.
სამი დღის წინ, 21 ივლისს, ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ზეპირი მოხსენება წარადგინა. მისი თქმით, საქართველოს არანაირი წინსვლა არ აქვს იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიის პლურალიზმსა და მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლებრივ პროცედურებს ეხება. გარკვეულ პროგრესად შეფასდა პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები. 12-ვე რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის, საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში ოქტომბერში მომზადდება.