„ადრე გამყოფ ხაზთან მეტი საპოლიციო საგუშაგო იყო, ვიდრე ახლა. ქართული საგუშაგოების არქონით რუსებმა და ოსებმა ისარგებლეს, ოკუპანტებმა მოკლეს თამაზ გინტური. მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კონფლიქტურ ზონებს რუსეთს აბარებს და ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეაწმენდს. ამიტომ, თბილისსა და მოსკოვს საერთო დღის წესრიგი და ნარატივი აქვთ. მოსკოვმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დაბმა - ჩაუვარდათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი. „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს, რუსეთის ინტერესები ბოლომდე გაითვალისწინოს - მის ჯინაზე და საქართველოს ხალხისთვის ევროკომისიამ მაინც მოგვცა რეკომენდაცია“, - ამბობს პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში. მან იმ მოლოდინებზეც ისაუბრა, რაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ დადებით რეკომენდაციას მოჰყვა აფხაზებსა და ოსებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგა გამყოფ ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი. კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ამ ადამიანების უსაფრთხოებისთვის და რატომ არ დგამს ამ ნაბიჯებს?
- ამ კუთხით ხელისუფლების მიმართ კითხვები მართლაც ჩნდება - ადრე გამყოფ ხაზთან მეტი საპოლიციო საგუშაგო იყო, ვიდრე ახლა. როგორც მოსახლეობა ამბობს, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოისხნა, სხვა ადგილზე გადაიტანეს ან საერთოდ გააუქმეს. სწორედ ეს კითხვებია საქართველოს ხელისუფლებასთან - რატომ მოხდა ამ საგუშაგოების დემონტაჟი? ამას რაიმე ახსნა, რაიმე გამართლება უნდა ჰქონდეს. თუ საგუშაგოების მოხსნას ეკონომიკური გამართლება აქვს და იქ ვერ ინახავდნენ ამდენ პოლიციელს, გასაგებია, მაგრამ ამით ადგილზე უსაფრთხოება შესუსტდა. საპოლიციო პოსტების გაუქმებით მხოლოდ მოსახლეობა შეშფოთდა და ამის შესახებ მეც მითხრეს. როდესაც ვკითხე პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიპასუხეს, რომ ის პოლიციელები იქ ტყუილად იდგნენ, არანაირი ფუნქცია არ ჰქონდათ და ფული იხარჯებოდა. ეს პოზიცია მისაღები იქნებოდა, თუ რაიმე ცუდი არ მოხდებოდა. მაგრამ მოხდა გინტურის მკვლელობა. ანუ გამოჩნდა, რომ
ქართული საგუშაგოების არქონით ვიღაცამ ისარგებლა. ეს ვიღაცები კი რუსები და ოსები არიან. შეგვიძლია უფრო მეტი პოსტი დავდგათ ისე, რომ ეს ევროკავშირის მისიამ პრობლემად არ მიიჩნიოს.
გინტურთან დაკავშირებით ოსები აპელირებენ, რომ ეს ადამიანი იყო სამხედრო პირი, იბრძოდა 2008 წლის ომში, ის სამხედრო პატივით დაკრძალეს. არ არის გამორიცხული, მათ გინტურის სტატუსი მიაბან მტკიცებას, რომ ის „შეგზავნილი“ იყო და რაღაც დავალებას ასრულებდა. ასეთი მითებისა და ზღაპრების შეთხზვა ძალიან იოლია.
- ოკუპირებული ცხინვალის მედიის ახალ ამბებში არაერთხელ აღნიშნეს, რომ თამაზ გინტური იყო სააკაშვილის პარტიის ერთგული და აქტიური მხარდამჭერი. რას ცდილობს ამ ხაზგასმით ოსური მხარე?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტრუქცია მოსკოვიდან მოდის, ანუ მოსკოვი ლაპარაკობს ამას. მაგალითად, ლავროვი იქნება, ზახაროვა თუ პესკოვი, სააკაშვილის გვარს ახსენებენ ხოლმე, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთში ბევრმა არავინ იცის, სააკაშვილი კი - ყველამ.
მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კონფლიქტურ ზონებს რუსეთს აბარებს და ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“ შეაწმენდს. ამიტომ, თბილისსა და მოსკოვს ეს საერთო დღის წესრიგი და ნარატივი აქვთ.
ცხინვალს მოსკოვი ეუბნება, რა სიტყვები გამოიყენოს, რომ აუცილებლად უნდა ჩანდეს სააკაშვილის გვარი და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა. მე ამაში ვხედავ „ქართული ოცნების“ სტრატეგიას, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნელ-ნელა რუსეთს დაუთმონ და ჩვენს საზოგადოებას აჩვევენ, რომ რაც მოხდება, ყველაფერი სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალი იქნება, „ქართული ოცნება“ კი ბედნიერი, თეთრი და ფუმფულა დარჩება.
- ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან საკმაოდ სწრაფად გაათავისუფლა ლევან დოთიაშვილი, რომელიც ლომისის ეკლესიაში თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა და მისი მკვლელობის შემდეგ გაიტაცეს. ცხინვალის და სოხუმის ციხეებში ამ დრომდე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ჰყავთ უკანონო პატიმრობაში. მათი გამოხსნის რა რესურსი გვაქვს?
- დოთიაშვილის მალე გათავისუფლება არ გამკვირვებია. გავიხსენოთ, რომ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ორი ადამიანი ასევე სწრაფად გამოუშვეს. რაც შეეხება ამჟამინდელ პატიმრებს, ცნობილია, რომ აფხაზეთში არის სამი მძიმე საქმე - ირაკლი ბებუას, ასევე, ორი ქალის - ქრისტინე თაკალანძისა და ასმათ თავაძის საქმეები. ამ ადამიანების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უნდა მიდიოდეს, მაგრამ არ მიმდინარეობს. არ არსებობს იმ ტიპის მოლაპარაკებები, როგორიც გვქონდა, როცა 2016 წელს ცხინვალთან და სოხუმთან პატიმრები გავცვალეთ. არ არსებობს არანაირი ინტენსიური საუბარი, მხარეებს მხოლოდ „ცხელი ხაზის“ საშუალებით ელაპარაკებიან. ასე კი არაფერი გამოვა, საჭიროა პირდაპირი კავშირები. ვფიქრობ, პირდაპირი კონტაქტის და მოლაპარაკების შემთხვევაში ეს საკითხები მოგვარებადია.
- ორი დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ევროკავშირი ცდილობს, რუსეთი გააძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან და რომ ეს არ გამოვა. ხომ არ ჰგავს ეს განცხადება 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით უკმაყოფილო რუსეთის რეაქციას, რასაც მალევე მოჰყვა რუსეთ-საქართველოს ომი. საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლის გამო, რუსეთის მხრიდან რა ტიპის რეაქციებს შეიძლება ველოდოთ?
- ლავროვის განცხადებაში სხვა რამეა საგულისხმო - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თუ ვინმე ავიწროებს რუსეთს, ეს არის ჩინეთი და თურქეთი, მაგრამ მოსკოვი ამაზე ხმას ვერ იღებს. მაგალითად, თურქეთმა მოიცვა აზერბაიჯანი - აზერბაიჯანის პოლიტიკა თურქული პოლიტიკაა და პირიქით, ისინი აბსოლუტურად თანხვედრაში არიან. ცენტრალურ აზიაში ჩინეთი ძლიერდება. ამ ყველაფერზე რუსეთი ხმას ვერ იღებს და მხოლოდ ევროკავშირი გამოიჭირა, რადგან
თუ რაიმესი ეშინია რუსეთს, ეს დემოკრატიაა. მას არა ევროკავშირის, არამედ სწორედ დემოკრატიის ეშინია. ამიტომ არის ომი უკრაინაში და ამიტომ არ უნდა მოსკოვს საქართველოს შორს გაშვება.
ევროკავშირის შემოსვლა და გაძლიერება ბევრად უფრო მძიმეა რუსეთისთვის, ვიდრე თურქეთისა და ჩინეთის, რადგან ეს სახელმწიფოები კრემლის თვალში ავტორიტარული რეჟიმებია, რომლებთანაც საერთო ენას ადვილად გამონახავს. ევროკავშირთან კი რუსეთი საერთო ენას ვერასოდეს იპოვის.
ამდენად, ლავროვის ეს განცხადება თავისთავად უსუსური ადამიანის განცხადებაა და მეტყველებს იმაზე, რომ
მოსკოვმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დაბმა. მაგალითად, ჩაუვარდათ პრეზიდენტის იმპიჩმენტი. „ქართული ოცნება“ ვერ ახერხებს, რუსეთის ინტერესები ბოლომდე გაითვალისწინოს - „ქართული ოცნების“ ჯინაზე და საქართველოს ხალხისთვის ევროკომისიამ მაინც მოგვცა რეკომენდაცია.
ლავროვმა ის განცხადება ამით გაღიზიანებულმა გააკეთა. ომის საფუძველი კი საქართველოში არ არსებობს, თუ მართლაც ვინმემ უხეში პროვოკაცია არ განახორციელა ცხინვალსა თუ აფხაზეთში რუსული ბაზის მიმართ. რუსეთი ფინეთთან დაკავშირებითაც იმუქრებოდა, რომ არავის შეარჩენდა ნატოს გაფართოებას, მაგრამ გაფართოვდა ნატო, გაიზარდა რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ნატოსთან და რა ქნა რუსეთმა? ვერაფერი. მუქარის გარდა მათ ახლა არაფერი შეუძლიათ. სჯობს უკრაინის კონტექსტში მიხედონ თავის თავს და იფიქრონ, როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან.
ამდენად, ლავროვის განცხადება ჩვენთვის შეშფოთების მიზეზი არ უნდა გახდეს. ნამდვილ პერსონაჟებს - თურქეთსა და ჩინეთს რუსეთი ვერაფერს უბედავს და კავკასიაში ევროკავშირი მათთან შედარებით სუსტი რგოლი იპოვა. თუმცა, ამით გააფრთხილა „ქართული ოცნება“ - ვხედავ, რომ ვერ ასრულებ საშინაო დავალებას, ევროპა მაინც შემოდის იმის მიუხედავად, რომ მე ვიცი, შენ ეს არ მოგწონს.
- სხვადასხვა ფორმატში თქვენ ახერხებთ პირისპირ შეხვედრებს აფხაზებსა და ოსებთან. რას ფიქრობენ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ?
- დადებითი, ცალსახად დადებითი რეაქცია აქვთ. ყველა, ვისაც მე იქ ველაპარაკები, კმაყოფილია. იციან, საქართველო უფრო ზომიერი და გონივრული, ბრიუსელი კი თავის მხრივ, საქართველოს მიმართ პრინციპული და მკაცრი იქნება. გარდა ამისა, საქართველო ევროკავშირში უფრო საინტერესოა მათთვის.
ამ ეტაპზე, მთავარია, ნახონ, როგორი უსაფრთხო იქნება საქართველო. ევროკავშირმა მოლდოვას ჩაუწერა, რომ აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას და ამავე დროს მოუწოდებენ მას, იფიქროს დნესტრისპირეთის განსაკუთრებულ სტატუსზე. თუ ევროკავშირი საქართველოს მიმართაც ამ ტიპის ფორმულირებას გამოიყენებს, მას შემდეგ, რაც გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყება, ძალიან კარგი იქნება. ერთი მხრივ - აფხაზებსა და ოსებს ეცოდინებათ, რომ ლაპარაკია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და მეორე მხრივ - საქართველოს ევალება, იპოვოს განსაკუთრებული ურთიერთობები სოხუმთან და ცხინვალთან. ეს ძალიან კარგი ფორმულაა, რომელიც უკვე გამოიყენეს მოლდოვის შემთხვევაში. აფხაზეთსა და ცხინვალში ვისაც ევალებოდა, ეს წაიკითხა და მათ იციან, რომ საქართველოც დაახლოებით იგივე ფორმულას მიიღებს.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ აფხაზებს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის განთავსების გეგმაზე?
- უარყოფითი, ამ თემის მიმართ ყველა დონეზე უარყოფითი პოზიციაა. ზოგი ამას ღიად და ხმამაღლა აცხადებს, ზოგი საჯაროდ ვერ გამოხატავს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, რომ ეს რუსეთს სჭირდება და უარს ვერ ეტყოდნენ. აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ეს რეალურ საფრთხეს ქმნის და არ გამორიცხავენ, თუ რაღაც მომენტში ვითარება დაიძაბება, უკრაინამ შეიძლება ოჩამჩირე დაბომბოს.
- ორივე ოკუპირებულ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციასთან ორმაგ მოქალაქეობაზე მუშაობა. ნოემბრის დასაწყისში, აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს ამ საკითხზე, ცხინვალშიც პროცესის დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობენ.
- ეს არის პირდაპირ ანექსია - რუსეთი ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მაქსიმალურად მიიბას თავის სამართლებრივ სივრცეზე. როდესაც ეს პროცესი მათთვის სასურველი გზით წავა,
მოსკოვი ნელ-ნელა დაიწყებს ლაპარაკს, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც მიიღონ ორმაგი მოქალაქეობა, რისი კატეგორიული წინააღმდეგებიც არიან აფხაზები.
სამხრეთ ოსეთი რუსეთში შეიძლება ბევრს არ აინტერესებს, მაგრამ აფხაზეთი ნამდვილად აინტერესებთ - აფხაზეთის მოქალაქეობის ქონა ბევრს უნდა. შეიძლება, პირდაპირ კავშირში არ იყოს, მაგრამ ამ პროცესის ერთ-ერთი შედეგი იქნება ის, რომ რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში უძრავი ქონების ყიდვას შეძლებენ.
ავტორი: მანანა მჭედლიშვილი