ოპოზიციონერი დეპუტატები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იბარებენ. პარლამენტის წევრებს შეკითხვები აქვთ პოლიციისა და სპეცრაზმის მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ძალადობის, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებზე, ასევე, რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მისამართით მასობრივად განხორციელებულ სატელეფონო ზარებსა და მუქარებზე, „ქართული ოცნების“ ინიციატივაზე მონაცემთა ბაზის, ე.წ. შავი სიის შექმნის შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ფაქტობრივად, არცერთ საქმეზე, რომელიც თვენახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს ეხება - ურეკავენ ადამიანებს და მცირეწლოვან ბავშვებს, აშინებენ მათ, არ დამდგარა კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.
ეს პირველ რიგში ეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის უფროსსაც პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე ვიბარებთ იმისათვის, რომ აიღოს საჯარო პასუხისმგებლობა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, ფეისბუქ პოსტებით კი არ განაახლოს ინფორმაცია, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოახსენოს საზოგადოებას, რა ნაბიჯები გადადგა ამ საქმეების გამოძიებისა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დასაყენებლად. ამ სამსახურს ექვემდებარება რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების, ისევე როგორც განსხვავებული აზრის მქონე პირებზე განხორციელებულ თავდასხმებისა და დევნის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის შემთხვევების გამოძიება“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ფაქტობრივად გაუქმებულია და არ იძიებს პოლიციელების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს, რაც კიდევ ერთელ ცხადყოფს, რომ ის პოლიტიკური ნების გამტარებელია. „მე ხელში მაქვს სამგვერდიანი კითხვები, რომელიც კოკა კაციტაძეს გადაეგზავნება. გასცეს პასუხი, რადგან ეს სამსახური ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე“, - აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი კომიტეტის სხდომაზე „ევროოპტიმისტების“ წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ დაიბარეს. მათი თქმით, უცხო ქვეყნების და ქართული ნომრებიდან განხორციელებული სატელეფონო ზარები, სიხშირის, სისტემურობის, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. დეპუტატები ითხოვენ პასუხს, გაარკვია თუ არა სამსახურმა, საიდან ხორციელდება ზარები და ვინ აორგანიზებს ამას.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა ინიციატივა, რომ მმართველი პარტია შექმნის მონაცემთა რეესტრს იმ ადამიანებისგან, რომლებიც სოციალურ ქსელში ხელისუფლების საწინააღმდეგო რეაქციებს გამოახატავენ. რა პოზიცია აქვს რეესტრის შექმნასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს? რამდენად თავსებადია ამგვარი რეესტრის შექმნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან?“, - აინტერესებს რომან გოცირიძეს.
თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სპეცრაზმმა და პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეები არაერთხელ დაარბია. დააკავეს აქციების 200-მდე მონაწილე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასტიკად ცემეს მომიტინგე დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა და სხვები. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში, აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს, საიდანაც 93 პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაზე საუბრობდა. 71-მა დაკავებულმა რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.
უცნობი პირები, რომლებიც შსს-ს ამ დრომდე არ დაუკავებია, თავს დაესხნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების არაერთ მონაწილეს, მათ შორის, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივისტებს: გია ჯაფარიძეს, გიორგი მუმლაძეს, ბორის ჩელე ყურუას, ნოდარ ჩაჩანიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს, ლაშა ღვინიანიძეს, გიორგი შენგელიას, ანა სუბელიანის მამას, ლადო აფხაზავას და გიორგი კლდიაშვილს და სხვებს.
შსს-ს მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა გმირთა მოედანზე ახალგაზრდების ჯგუფზე მომხდარი თავდასხმა და უცნობი ნიღბიანი პირების ჩასაფრება „ტვ პირველის“ შენობასთან.
გარდა ამისა, სიძულვილის კამპანიის სამიზნეები გახდნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. უცნობმა პირებმა მათ საცხოვრებელ სახლებთან და ოფისებთან შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი, მუქარის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი პლაკატები გააკრეს, დააზიანეს მათი მანქანებიც.