ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და უსამართლობაა მისთვის სანქციების დაწესება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
„უჰ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება. არ მეკუთვნის დასანქცირება. თუ დამასანქცირებენ, თავს ხომ არ მოვიკლავ, რა გავაკეთო?! ძალიან ცუდი იქნება პირადად ჩემთვის, მაგრამ გაგრძელდება ცხოვრება, მაგრამ ნამდვილად არ ჩამიდენია ისეთი არაფერი, რომ დასანქცირება მეკუთვნოდეს. უსამართლობაა, მაგრამ რომ ვთქვა, მუხლები ამიკანკალდა, შემეშინდა და რამე...
თუ ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროკავშირში არ შემიშვებენ, ბაბუაჩემსაც არ უვლია და უცხოვრია კაცურად, ადამიანურად და გადაუტანია. კაცად დავიბადე, მაქვს ჩემი ღირსება. მიმაჩნია, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო ცხოვრებაში არ ჩამიდენია, მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არ ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სწორად და კანონიერად მიმაჩნდა“, - განაცხადა მურუსიძემ „მთავარ არხთან“.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ლევან მურუსიძემ აშშ-ის გადაწყვეტილება სასამართლო სისტემაში ჩარევად შეაფასა.
5 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ სანქციები დააწესა. კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნული სანქცია მათ უშუალო ოჯახის წევრებსაც შეეხება.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში. მათი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკურ მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლობის მიღების მიზნით“, - განმარტა საქარტველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა და თანამდებობაზე უვადოდ არის გამწესებული. 2022 წელს ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად იქნა არჩეული. მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ლევან მურუსიძეს სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეების ე.წ. კლანის ერთ-ერთი ლიდერად მოიხსენიებენ.
საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე სახელმწიფო დეპარტამენტი 2022 წლის ანგარიშშიც წერდა. კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ „სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა შერყეულია, რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები, მოსამართლეები მოწყვლადები არიან სასამართლოს სისტემის შიგნიდან და გარედან პოლიტიკური წნეხის მიმართ ისეთ საქმეებში, რომლებიც პოლიტიკურად მგრძნობიარე თემებს ან პირებს ეხება. 2022 წელს ვრცელდებოდა დამაჯერებელი განცხადებები, რომ სასამართლოს გავლენიანი „კლანის“ ზოგიერთი წევრი კორუმპირებულია“. საქართველოს პრემერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანგარიში მისთვის საინტერესო არ არის, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების „არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა“.