ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკას უზღუდავდნენ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. გამოხატვის თავისუფლების თავში საუბარია რუსულ კანონზე, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის და ძალადობის მუქარის ფაქტებზე, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია და კანონი იცავს გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, თუმცა, ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ გამოხატეს სერიოზული შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან ამ თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. შეშფოთება ეხებოდა ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელის პატიმრობას, მედიის პლურალიზმის გაუარესებულ გარემოსა და კანონპროექტს, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღებ მედია ორგანიზაციებს „უცხოურ აგენტებად“ განიხილავს, ასევე, ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და ძალადობის მუქარას.

„მთავრობა სავარაუდოდ უკანონოდ უთვალთვალებდა ჟურნალისტებს. სახალხო დამცველის ცნობით, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტების თვალთვალისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჟურნალისტების უკანონო თვალთვალის წინა შემთხვევებზე გამოძიება კვლავ გრძელდებოდა“.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის თებერვალში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შემოღებულმა პრესის აკრედიტაციის ახალმა წესმა, რომელსაც მედია ორგანიზაციებმა არაინკლუზიური და ბუნდოვანი უწოდეს, ჟურნალისტებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა და რამდენიმე შემთხვევაში პარლამენტის აპარატის უფროსმა მათ აკრედიტაცია შეუჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნიეს ის, რომ ახალი წესით მხოლოდ კრიტიკული მედიასაშუალებების სანქცირება მოხდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ჟურნალისტების მთავარ პრობლემად დაასახელა და ჩამოთვალა უამრავი მაგალითი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ აწვდიდნენ მედიას ინფორმაციას და ხელს უშლიდნენ საჯარო ღონისძიებების გაშუქებაში. მედიის ადვოკატირების კოალიციამ გამოთქვა შეშფოთება რომ რამდენიმე ჟურნალისტს, რომლებიც ღია საპარლამენტო მოსმენებზე დასწრებას ცდილობდნენ, უარი ეთქვათ [პარლამენტში] შესვლაზე.

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება საჯარო პირებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს უზღუდავდა მთავრობის კრიტიკას და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების განხილვას. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელევიზიის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან პატიმრობაში იყო, ვიდრე [2023 წლის] 22 ივნისს პრეზიდენტმა არ შეიწყალა. იგი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს. Amnesty International-მა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მისი განაჩენი მედიის თავისუფლების შესახებ შეშფოთებას იწვევდა. სახალხო დამცველის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ გვარამიას განაჩენი 2022 წლის ნოემბერში და [2023 წლის] 19 ივნისს ძალაში დატოვეს.

მედიაზე დამკვირვებლებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ თავდაცვის სამინისტროს და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს შორის სამართლებრივი დავის მიზანი კრიტიკული ტელეკომპანიის ლიკვიდაცია იყო“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გასული წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების, ძალადობის მუქარის, შევიწროების და ცილისწამების საჩივრების შესახებ. ანგარიშში მოხვდა ტელეკომპანია „ფორმულას“ წილის მფლობელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა, ასევე, ჟურნალისტებზე ძალადობა მარტის აქციების დროს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებშიც „პასუხისმგებლობის ნაკლებობა იყო“.

„მარტში, „უცხოეთის აგენტის“ კანონის წინააღმდეგ აქციების დროს, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა ათობით ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ. სხვები დააკავეს იმ დროს, როდესაც პროტესტის გაშუქებას ცდილობდნენ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გააკრიტიკა ჟურნალისტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, მათ შორის, სათანადო პროცესის არარსებობის და დილამდე გაგრძელებული მარათონული სხდომების გამო.

ჟურნალისტების წინააღმდეგ იყო ძალადობის მუქარებიც. მედიის ადვოკატირების კოალიციის ცნობით, მას შემდეგ, რაც ონლაინ მედია „მთის ამების“ რეპორტიორი გელა მთივლიშვილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 3 აგვისტოს შოვში მეწყერის გაშუქების გამო გააკრიტიკეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „წყალში ჩაგდებით დაემუქრნენ“ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ჟურნალისტების წინააღმდეგ ხშირი იყო ცილისწამების საჩივრები. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლების ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების მხრიდან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების სარჩელების შეტანის მზარდი ტენდენცია გაჩნდა. 2021-2023 წლებში 38 ასეთი შემთხვევაა. GDI-ს მიაჩნია, რომ ეს მიზნად ისახავს კრიტიკული მედიასაშუალებების დისკრედიტაციას და კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმისგან თავის შეკავებას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ეს საქმეები ხშირად ძალიან სწრაფად წყდებოდა და მედიებს დიდი ჯარიმები ეკისრებოდათ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა ძალადობისა და შევიწროების გამო. მედია ორგანიზაციებმა გამოთქვეს შეშფოთება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც 2021 წლის ივლისის პრაიდთან დაკავშირებულ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთათვის სასჯელის შემცირებას ითვალისწინებს. ამ თავდასხმების ორგანიზატორებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ გასულ წელს იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტებს თავს ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები დაესხნენ. მაგალითად, „ალტ ინფოს“ წევრი მამუკა ანდღულაძე თავს დაესხა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიას.

„გოგელიამ შემდგომ მიიღო მუქარა და მისი სახლი გაძარცვეს. მედიის ადვოკატირების კოალიციამ მიმართა სახელმწიფო ორგანოებს, უზრუნველეყოთ უსაფრთხოების ზომები ჟურნალისტისთვის. მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა.  

20 მაისს, ყვარლის ტბის კურორტზე დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად დაესხნენ თავს „ფორმულას“ ჟურნალისტებს, რომლებიც იქ გამართულ წვეულებაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილის დასწრების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს აშუქებდნენ“, - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიტიკულად შეფასდა ოქტომბერში მიღებული კანონი, რომელმაც გააფართოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატი, გამოიძიოს და დააჯარიმოს მედია ორგანიზაციები უხამსობის ან სიძულვილის ენის გამოყენების გამო. ამ კანონის მიღებამდე უხამსობისა და სიძულვილის ენის რეგულირება თვითრეგულირების ორგანოს ევალებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ მედიის ადვოკატირების კოალიციამ გააკრიტიკა მედიის ზედამხედველობაში სახელმწიფოს გაზრდილი როლი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).