განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სკოლებში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ბუფეტების პრობლემაა მოსაგვარებელი, რასაც ორი-სამი წელი დასჭირდება. მინისტრმა თქვა, რომ 2023 წლის ბოლომდე დამტკიცდება ახალი ბრძანება, რათა სკოლების სასადილოებში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ცალკე ჯგუფი გამოიყო და აიდენტიფიცირებს იმ სკოლებს, სადაც შესაძლებელია ამის პირველ ეტაპზე დაწყება და სად რა მდგომარეობა გვაქვს, აღწერა მიმდინარეობს. იქ, სადაც ახლა უკვე მოქმედებს სკოლის ბუფეტები, სადაც ეს შესაძლებელია, არსებობს მინისტრის ბრძანება, რომელიც წლებია არ განახლებულა და ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს გვაქვს. ამიტომ, უახლოეს მომავალში ყველა უწყების, მათ შორის, მშობელთა ასოციაციის ჩართულობით ეს ბრძანება განახლდება, დამტკიცდება და შევა ძალაში. ეს მოხდება წლის ბოლომდე, რომ არსებულ ბუფეტებში რა სიტუაციებიც გვაქვს, გამოსწორდეს და შემდეგ გადავიდეთ მეორე ეტაპზე“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ვერსად დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას მთლიანად, ყველა კლასისთვის, ყველა სოციალური ფენისთვის სახელმწიფო აფინანსებს.
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკოლებში“.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2023 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების მესამედზე მეტი, 35%, სკოლაში ყოფნის პერიოდში არასდროს იკვებება, 14% იშვიათად, 24% კი ზოგჯერ. ბავშვები საკვების არმიღების მიზეზად ყველაზე ხშირად ფინანსურ პრობლემას ასახელებენ.
ბავშვთა კეთილდღეობის კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, უნდა კვებავდეს თუ არა ბავშვს სკოლა. მშობლების/ოჯახის წევრების 83.2%-მა ამ კითხვაზე დადებითად უპასუხა. ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობას (74.2%) სურს, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება, 10.3%-მა განაცხადა, რომ ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ, კიდევ 12.5% ფიქრობს, რომ სკოლა ბავშვს უფასოდ უნდა კვებავდეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე.
მშობელთა ასოციაციის ინიციატივით, მიმდინარე წლის ოქტომბერში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა პეტიციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყდეს სკოლის ბუფეტებში ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებით ვაჭრობა და სახელმწიფომ იზრუნოს სკოლებში ჯანსაღი კვების პროგრამის დანერგვაზე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია საქართველოში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ დანერგა პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. 30 საჯარო სკოლის 300-მდე პირველკლასელს კვება ყოველდღიურად 4 ლარით უფინანსდება.