საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა. დემარში ეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჰერჩინსკიმ დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი ჰქონდათ.
„მე დავალებული მქონდა, საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამეცა ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირის 27 დედაქალაქის მიერ ბრიუსელში. თან მახლდა ევროკავშირის ყველა ელჩი, რომელიც თბილისშია წარმოდგენილი.
ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ რუსეთთან პირდაპირი ფრენების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ან რუსეთიდან და არა დაუშვან რუსული თვითმფრინავების გადაფრენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა მოვახდინოთ, რათა შეცვალოს რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი კვლავ აგრძელებს უკრაინაში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
მისივე თქმით, მართალია, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ასევე მოითხოვდა საქართველოს მთავრობის თანხმობას.
„ქართულმა მხარემ, ვიცე-პრემიერმა მოიყვანა ყველა ის არგუმენტი, რაც უკვე მოსმენილი გვაქვს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა არც სანქცირებული ავიახაზების და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავების გამოყენებას არ დაუშვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას აკლია უფრო დიდი პოლიტიკური მომენტი - შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს ყველა ფრენა რუსეთიდან, რუსეთში და ყველა სახის რუსული თვითმფრინავის გადაფრენა ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რათა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და შეცვალოს რუსეთის ქცევა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
შეკითხვაზე, იქონიებს თუ არა დემარში გავლენას საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, ელჩმა თქვა, რომ პასუხის გაცემა უჭირს: „ცხადია, ეს არ არის მოვლენების პოზიტიური განვითარება, ჩვენი აზრით, მაგრამ ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ უნდა განსაჯოს, როგორ და რა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვაზე“.
პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებმა სანქციებთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა. როგორც ელჩმა აღნიშნა, არ ფლობს ინფორმაციას, რომ ევროკავშირში მიმდინარეობს რაიმე დისკუსია საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით რაიმე სანქციის დაწესების თაობაზე.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. მისივე განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც გაუქმდა. საქართველოს მთავრობა პუტინის ამ გადაწყვეტილებებს მიესალმა და დადებითად შეაფასა. მოკლე დროში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ორ რუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ოპერირების ნებართვა მისცა.
მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი 19 მაისს, რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, 20 მაისიდან კი მოსკოვში ქართულ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დაფრინავს. ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის რეისებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი შეასრულებს.
მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების ნაწილი რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს რუსეთთან დაახლოებას და სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას ნიშნავს. მოწინააღმდეგეთა შორისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც მოსკოვში ფრენების გამო, პროტესტის ნიშნად, „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი გამოუცხადა, რუსეთის მოქალაქეებისთვის კი სამთვიანი სავიზო რეჟიმის შემოღება მოითხოვა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ავიამიმოსვლა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია, საქართველო კი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ აწესებს. ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის სანქცირების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა.
ამ თემაზე:
„ევროპაში ქუთაისის გავლით“ - რას წერს რუსული სამთავრობო მედია ფრენების აღდგენის შემდეგ