გერმანიის მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (SDP) განაცხადეს, რომ საქართველომ შესაძლოა ხელმეორედ დაკარგოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსი, თუ რუსულ კანონს მიიღებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Stern-ი წერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გერმანიის ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება პოლიტიკური სიტუაციის და დემოკრატიული სისტემის განვითარებას და ამოწმებს, სრულდება თუ არა პირობები“, - განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ბუნდესტაგის წევრმა, ჰელგე ლიმდმა. თუ აღმოჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობას დევნის უნდა ეშინოდეს, „შესაბამისი შედეგები იქნება“.
გერმანული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მიიღო, თუმცა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სადავო კანონი“ უკვე რამდენიმე კვირაა დაძაბულობას იწვევს. Stern-ი წერს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის კრიტიკოსები პარალელებს ავლებენ რუსეთში მოქმედ „უცხოური აგენტების“ საწინააღმდეგო კანონთან, რომელიც ხელისუფლებას აძლევს უფლებას, კრიტიკულად განწყობილი მედიისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ „მასიური ზომები“ მიიღოს.
გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად 2023 წელს აღიარა. შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებდა, რომ ამ ორ ქვეყანაში, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით არ დევნიან. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, მიგრაციის შეკავებას ისახავს მიზნად - თავშესაფრის მიღების თაობაზე უსაფრთხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება, უარის თქმა და დეპორტაციაც უფრო მარტივად ხდება.
გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9399-მა მოქალაქემ მოითხოვა, მათგან 8414-მა პირველად, ხოლო 985-მა განმეორებით. მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების ანგარიშის მიხედვით, განხილული იქნა 10 038 მოქალაქის განაცხადი, საიდანაც მხოლოდ 0.3% დაკმაყოფილდა.
17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. იმავე დღეს განცხადება გაავრცელეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. მათი თქმით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და პასუხად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“კანონპროექტი კი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულმისწრაფებას, ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
12 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას „ძალიან კრიტიკულად“ უყურებს და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონს არ მიიღებს.
რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 1-ელ და მე-9 რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება უზრუნველყოს და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
რუსულ კანონს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით გასული წლის მარტშიც დაუჭირა მხარი, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მას „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცაერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში რუსული კანონი კვლავ დააინიცირეს. მისი ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„ქართული ოცნება“ აპირებს, რუსული კანონი პარლამენტის მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს. კანონს ეწინააღმდეგება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ვეტოს გამოიყენებს.