ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან - ბორელი რუსულ კანონზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 22 აპრილს ლუქსემბურგში გაიმართა, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს. საუბარი შეეხო რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც „ქართული ოცნება“ აპირებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით,  მინისტრებმა შეშფოთება გამოთქვეს.

„საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ უკან წაიღებდა ამ კანონს - ამ კანონის პროექტს - და აღარ წარადგენდა მას. ეს არ შესრულებულა. კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და მე გასულ კვირას გავავრცელეთ განცხადება, სადაც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ: ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიას მოუწევს ზეპირი ანგარიშის წარდგენა ამ მოვლენის შესახებ, მაგრამ ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარედგინა პარლამენტს“, - განაცხადა ბორელმა.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საბჭოზე იყო მოწოდება, ევროკავშირის მინისტრები საქართველოში გაგზავნონ, ან საბჭოს მომდევნო სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ.

17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. იმავე დღეს განცხადება გაავრცელეს ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. მათი თქმით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და პასუხად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე“კანონპროექტი კი არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულმისწრაფებას, ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს.

12 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას „ძალიან კრიტიკულად“ უყურებს და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონს არ მიიღებს.

რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 1-ელ და მე-9 რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება უზრუნველყოს და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

რუსულ კანონს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით გასული წლის მარტშიც დაუჭირა მხარი, მაგრამ ხალხის პროტესტმა აიძულა, მასზე უარი ეთქვა. პარტიის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მას „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვევდნენ, თუმცაერთი წლის შემდეგ, აპრილის დასაწყისში რუსული კანონი კვლავ დააინიცირეს. მისი ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„ქართული ოცნება“ აპირებს, რუსული კანონი პარლამენტის მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს. კანონს ეწინააღმდეგება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ვეტოს გამოიყენებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).