„ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოყვანილ რუსეთის მოქალაქეებს ტრანზიტული რეისით ევროპის ქალაქებში გადააფრენს. ამის შესახებ ქართული ავიაკომპანიის პრეზიდენტმა, თამაზ გაიაშვილმა რუსულ მედიასაშუალება RTVI-სთან განაცხადა. ტრანზიტული ფრენების შესრულება მილანის, პარიზის, ვენის, ლარნაკასა და სალონიკის მიმართულებით განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„15 ივნისიდან დავიწყებთ. ვნახოთ, როგორც წავა ეს საქმე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საკმარისი მოთხოვნა იქნება ამ მარშრუტებზე. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებებზე.
ბუნებრივია, რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას შევინარჩუნებთ. ამას არაფერი მოუვა. საქართველოს მთავრობა ძალიან თბილად შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. ღმერთმა ქნას, რომ აღარასოდეს შეწყდეს“, - ამბობს გაიაშვილი.
როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტი ამბობს, თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისზე მოთხოვნა ჯერჯერობით ძალიან მზარდი არ არის: „ვფიქრობ, რომ დრო, რეკლამა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ასეთი რამ არსებობს. მაშინ კი, ვფიქრობ, რომ მგზავრები წამოვლენ. ნაკადი თანდათან გაიზრდება, რადგან ახლა იგებენ, რომ პირდაპირი რეისები აღდგა, ყველა ნელ-ნელა გადადის პირდაპირ რეისებზე“.
„ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვში ფრენა 20 მაისს დაიწყო და კვირაში შვიდ რეისს ასრულებს. ამ გადაწყვეტილების გამო მას ბოიკოტი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ კომპანია, გამდიდრების მიზნით, შექმნილი რეალობით სარგებლობს. საპასუხოდ, თამაზ გაიაშვილმა ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და თქვა, რომ თვითმფრინავის ბორტზე არ დაუშვებს, ვიდრე ქართველ ხალხს ბოდიშს არ მოუხდის.
მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისზე რუსული ავიაკომპანია „აზიმუტიც“ დაფრინავს, ივნისიდან კი კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია - Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებებზე იფრენს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ მის მიერვე 2019 წლის 21 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება. პუტინის განკარგულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმიც. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილია.
საქართველოს მთავრობამ პუტინის გადაწყვეტილებები დადებითად შეაფასა. როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რუსეთთან პირდაპირი ფრენები „ჩვეულებრივი ამბავია“.
უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირს, აშშ-სა და რიგ სახელმწიფოებს რუსეთის საავიაციო სექტორის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული - აკრძალული აქვთ ფრენები როგორც რუსეთიდან, ისე რუსეთის მიმართულებით. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდა, ამ სანქციებს შეუერთდეს.
გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ დღეს, როდესაც სრულიად დასავლური საზოგადოება დისტანცირებულია რუსული რეჟიმისგან, არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, მასთან ჩართულობა გაზარდოს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები შესაძლოა სანქციების რისკის ქვეშ დადგენენ, თუ ისინი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან.
ამ თემაზე:
ფრენების აღდგენაზე პარლამენტის და მთავრობის წევრების რეაქცია შემაშფოთებელია - კოლომინა