უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, მთის ამბებისა და საქართველოს ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ჟურნალისტი 2000 ლარით დააჯარიმა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმეზე სასამართლო პროცესი 25 იანვარს გაიმართა, მოსამართლემ გადაწყვეტილება კი დღეს, 31 იანვარს გამოაცხადა.

„ვიდრე არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, არ იქნება დაცული ჩვენი უფლებები. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი არის სისტემის მსახური, უვადოდაც ამიტომ დანიშნეს, ასეთი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოძალადე პოლიციელის ცრუ ჩვენების გარდა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რაც ჩემს მიერ სამართალდარღვევის ჩადენას დაადასტურებდა, მოსამართლემ მაინც მცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. საპირისპიროდ, პროცესზე ჩვენ წარვადგინეთ ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სრულიად უკანონოდ დამაკავეს. მოსამართლე შჩერბაკოვის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, რის შემდეგაც მივმართავთ სტრასბურგს. სამართლიანობა არ იძებნება საქართველოში, მაგრამ აღვადგენთ ევროპულ სასამართლოში. ცალკე ვასაჩივრებთ დაკავების კანონიერებას (ოქმს). პოლიციელების მიერ ცრუ ჩვენების მიცემის გამო, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, უახლოეს დღეებში მივმართავ. ერთმა სასამართლოზე თქვა, რომ მათთვის დაკავებული პირის წართმევას ვცდილობდი, დედას ვაგინებდი; ოქმს მეორე პოლიციელიც აწერს ხელს“, - თქვა გელა მთივლიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილი 23 იანვარს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში, როდესაც იქ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების გასაშუქებლად მივიდა. დაახლოებით 6 საათის შემდეგ დაკავებული ჟურნალისტი ხელწერილით გაათავისუფლეს. გელა მთივლიშვილის თქმით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.

კეკელიძის ქუჩაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს - მათგან 18 ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, ხოლო ორს, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანება ედებათ ბრალად, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დაკავებულების ნაწილი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 2000-2000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გაასამართლა 2023 წლის მარტში, ე.წ. აგენტების შესახებ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე უკანონოდ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დაკავებული ჟურნალისტები ზურაბ ვარდიაშვილი და ბექა ჯიქურაშვილი. ამ შემთხვევაშიც ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2200 ლარით დააჯარიმა. 2023 წლის სექტემბერში ამავე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის წინ დაკავებული ხუთი აქტივისტი - ედუარდ მარიკაშვილს ხელში სუფთა ფურცელი ეჭირა, ხოლო საბა ბრაჭველს, ნიკა რომანაძეს, გრიგოლ ფრანგიშვილსა და ნოდარ სიხარულიძეს კი თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით „ირაყლი“. ნოდარ სიხარულიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაეკისრა, დანარჩენები კი წვრილმანი ხულიგნობისთვის 500 ლარით დაჯარიმდნენ. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.