საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანს არ გადასცეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აფგან სადიგოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სადიგოვის ოჯახის წევრებმა, ქართული მედიისა და უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, არ გადასცეს ჟურნალისტი ბაქოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჯ სადიგოვას განცხადებით, საქართველოში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და მასაც ემუქრებიან.

„მითვალთვალებენ და მემუქრებიან, თუ გავაგრძელებ ილჰამ ალიევის შესახებ ლაპარაკს, პრობლემები შემექმნება, საფრთხეში იქნებიან ჩემი შვილები. ბავშვებით მემუქრებიან. მე კი ვამბობ, რომ არ გავჩუმდები, ბოლომდე დავიცავ ჩემს მეუღლეს, ვერაფერი შემაჩერებს, რადგან ის უდანაშაულოა. დიახ, საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობთ, რადგან ახლა აქ ალიევის ბრძანებას ასრულებენ. ეს სირცხვილია საქართველოსთვის. ხელისუფლებას მივმართავ, დაგვიცვან“, - თქვა სევინჯ სადიგოვამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, აფგან სადიგოვის საქმე ექსტრადიციის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. „ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, არ გადასცეს ჟურნალისტი აზერბაიჯანს, რადგან ეს დაარღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და პირი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში იდევნება საკუთარი საქმიანობის გამო, გახდება პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი“, - აღნიშნა უფლებადამცველმა.

„ოჯახის წევრები გამოთვვამენ სერიოზულ შეშფოთებას, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი შეიძლება დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას, წამებას, ძალადობას, ვერ მიიღოს სამართლიანი სასამართლო. თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანში არსებულ უფლებრივ მდგომარეობას, ეს შიში აბსოლუტურად რეალურია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები და აფგან სადიგოვი არ გადასცეს იმ ქვეყნის მთავრობას, სადაც მისი უფლებები შეიძლება დაირღვეს“, - განაცხადა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა, რომელმაც კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, თბილისიდან გატაცებული და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემული აფგან მუხთარლის საქმე გაიხსენა. რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა.

ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში რამდენიმე ათეული ჟურნალისტი, უფლებადამცველი და პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს. ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსის, Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორის აფგან სადიგოვის დაკავება თბილისში, 3 აგვისტოს, მოხდა. ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებით, 4 აგვისტოდან ის სამთვიან საექსტრადიციო პატიმრობაშია.

ადვოკატების განცხადებით, სადიგოვმა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა, რაც ექსტრადიციის პროცესის შეჩერების საფუძველია, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის საქმეზე იძებნება. როგორც გაირკვა, ბაქოში მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღძრეს, რაც, ოჯახის წევრების მტკიცებით, სადიგოვის საქმიანობას და ხელისუფლების კრიტიკას უკავშირდება.

აფგან სადიგოვი საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბრიდან ცხოვრობს. ის ამბობდა, რომ აქ სამკურნალოდ ჩამოვიდა, თუმცა მის მიმართ მუქარისა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტების დაკავების ახალი ტალღის დაწყების გამო, სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. დაკავებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ივლისში, ის ცოლთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად თურქეთში გამგზავრებას ცდილობდა, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მაშინ ის არ დაუკავებიათ და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნება შეეძლო. სადიგოვები საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ და სწორედ ამიტომ სურდათ ქვეყნის დატოვება. 

აფგან სადიგოვის დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ხელისუფლებას მისი „დაუყოვნებლივ“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამ თემას გამოეხმაურნენ Amnesty International-ი და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტიც (IPI). საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ჟურნალისტის ექსტრადირების მცდელობა - საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად - და უზრუნველყოს ის და მისი მეუღლე საერთაშორისო დაცვით, თუ ისინი ამას ითხოვენ. ამასთან, Amnesty International-ის შეფასებით, სადიგოვის საქმე აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვის ტენდენციის გაგრძელებაა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.